27 ივნისს 12:00 საათზე სასტუმროში „თბილისი მერიოტი” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ – (საია) საზოგადოებას წარუდგინა იმ საკანონმდებლო ბაზის სამართლებრივი მიმოხილვა, რომელიც არეგულირებს საერთაშორისო დახმარების მიღების, განკარგვისა და კონტროლის პროცესს საქართველოში. კვლევა განხორციელდა ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველო” ფინანსური მხარდაჭერით.
საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ 2008, 2009 და 2010 წლებში საქართველო საერთაშორისო დახმარების სახით 4.55 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს. ხელშეკრულებები გამოყოფილი დახმარების გარკვეულ ნაწილზე უკვე გაფორმებულია.
„საია”-ს მიზნი იყო გამოევლინა საერთაშორისო დახმარებებთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზის ხარვეზები და პრობლემები, გაერკვია ქვეყანაში მოქმედი კონტროლისა და ზედამხედველობის მექანიზმების ეფექტურობა.
საკანონმდებლო ბაზის შესწავლამ აჩვენა, რომ, ერთის მხრივ, არსებობს სპეციალური პროცედურები საერთაშორისო დახმარებებთან დაკავშირებით, თუმცა, მეორეს მხრივ, მათი მომწესრიგებელი ნორმები არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივია. ზოგიერთი პროცედურა საკანონმდებლო აქტებში სრულად აღწერილი არ არის. ეს შეეხება მაგალითად, გრანტების აღრიცხვის საკითხს. საკანონმდებლო ბაზის არასრულყოფილებამ კი შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას პრაქტიკაში.
სახელმწიფო ფინანსების განკარგვის მარეგულირებელი კანონმდებლობის ანალიზმა გამოკვეთა მაკონტროლებელი ორგანოების არასისტემური საქმიანობა, რაც მათი ეფექტური საქმიანობის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორია. “კონტროლის პალატის შესახებ” ახალი კანონის მიღების მიუხედავად (რაც პოზიტიურ ნაბიჯად უნდა შეფასდეს), მაინც ვერ ჩამოაყალიბდა კონტროლის ერთიანი სისტემა: ხშირია სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების ფუნქციების დუბლირება, „კონტროლის პალატის” აუდიტს მიღმა რჩება მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები, არ არსებობს შიდა მაკონტროლებელი ორგანოების ურთიერთობის/თანამშრომლობის მარეგულირებელი ნორმები.
პრობლემად უნდა შეფასდეს კანონმდებლის მიერ წინასწარი აუდიტის შემოღების პოზიტიური ინიციატივაც კი, რადგან „ეფექტიანობის აუდიტი” მხოლოდ 2012 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დასკვნით, დღეს არსებული საკანონმდებლო რეგულაციებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს გაუჭირდება ბრიუსელის კონფერენციის შედეგად საქართველოსთვის გამოყოფილი მილიარდობით დოლარის იმ ნაწილის ხარჯვის შესწავლა და მონიტორინგი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში არ აისახა. რაც, თავის მხრივ, ზრდის თანხების არარაციონალური და არამიზნობრივი ხარჯვის რისკებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს, კონტროლის პალატის, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა საინტერესო დისკუსია.
ირინა ლაშხი
ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის საბიუჯეტო გამჭვირვალობის მიმართულება