დისკუსია თემაზე: ,,C ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოში”

19.04.2010

ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელისა და ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოს” ორგანიზებით 2010 წლის 1 აპრილს სასტუმრო ,,ბეტსიში” მოეწყო დისკუსია თემაზე: ,,C ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოში”. შეხვედრაზე განხილულ იყო C ჰეპატიტის გავრცელების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის სახელმწიფო დაფინანსების საკითხები.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე დამოუკიდებელმა ექსპერტებმა.

შეხვედრაზე ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სამმართველოს წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა პოზიცია, რომ იმისათვის, რომ C ჰეპატიტის მკურნალობა პრიორიტეტული საკითხი გახდეს სახელმწიფოსათვის, არასამთავრობო სექტორმა პროფესიონალების გუნდის თანამონაწილეობით სახელმწიფო პროგრამის პროექტი და ბიუჯეტი უნდა მოამზადოს (კონკრეტული ეკონომიკური გათვლებით) და სახელმწიფოს C ჰეპატიტის მკურნალობის თანადაფინანსების სხვადასხვა მექანიზმები შესთავაზოს. საჭიროა ასევე განისაზღვროს მოსახლეობის ის პრიორიტეტული ჯგუფები, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებით ჩაიტარონ ასეთი მკურნალობა, აუცილებელია განისაზღვროს პაციენტების ის რაოდენობა, რომლებიც შეძლებენ ასეთი სქემით სარგებლობას და ა.შ.

C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, დარგის პროფესიონალებთან და ექსპერტებთან ერთად უახლოეს დღეებში დაიწყებს მუშაობას სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე და სახელმწიფოსათვის წარსადგენ კონკრეტულ წინადადებებზე.