მარტის ბოლოს ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” კაჭრეთის სკოლა-პანსიონს ესტუმრა. ეს აღმზრდელობითი დაწესებულება ოთხმოცამდე არასრულწლოვანზე ზრუნავს, რომლებიც აქ მძიმე სოციალური პირობების გამო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოხვდნენ. პანსიონში ცხოვრობენ ქართველი მოზარდები და კახეთის მხარეში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოზარდები, რომელთა მთავარი მოტივაციაც, პანსიონის დირექტორის თქმით, ქართველ ბავშვებთან ინტეგრაცია და ქართული ენის შესწავლაა.
კაჭრეთის სკოლა-პანსიონის ადმინისტრაცია ძალისხმევას არ იშურებს მოზარდებისთვის ოჯახური და თბილი გარემოს შესაქმნელად, თუმცა მოზარდების მოთხოვნების დაკმაყოფილება პანსიონის რესურსით ვერ ხერხდება და საზოგადოებისგან დახმარება ესაჭიროება. ასეთ საჭიროებებს შორის უპირველეს ყოვლისა აღმზრდელობითი დაწესებულების გარეთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩაბმაა.
მართალია, სკოლა-პანსიონი სოფელ კაჭრეთში მდებარეობს და კომუნიკაცია ადგილობრივი თემის წარმომადგენლებთან გარედან ჩარევის გარეშეც შესაძლებელია, მაგრამ დაწესებულების აღსაზრდელებისთვის სირთულეს იმ ტიპის ურთიერთობები წარმოადგენს, განსაკუთრებით კაჭრეთელ თანატოლებთან (მაგალითად ერთობლივი თამაშები, გასართობი ღონისძიებები), რომლებშიც საკუთარი უნარების რეალიზებას მოახდენენ და თანატოლთა შორის თავს დაიმკვიდრებენ.
ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველომ” სწორედ ამ მოთხოვნილების განხორციელების ხელშეწყობა გადაწყვიტა და იანვრის თვეში პანსიონს ესტუმრა. აღსაზრდელებთან გასაუბრებისას აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად მათი ინტერესის სფეროს სპორტული თამაშები, კერძოდ კი ფეხბურთი წარმოადგენს. ხელმეორე ვიზიტისას ფონდის წარმომადგენლებმა აღსაზრდელებს სპორტული ინვენტარი, სპეციალური ტანსაცმელი და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებებისთვის საჭირო აღჭურვილობა ჩაუტანეს. ეს მათ საშუალებას მისცემთს დაგეგმონ და შინაარსიანად გაატარონ თავიანთი დრო, განავითარონ საკუთარი უნარები და შესაძლებლობები, აიმაღლონ თვითშეფასება ინტეგრირდნენ კაჭრეთელ თანატოლთა წრეში.
კაჭრეთის სკოლა-პანსიონის აღსაზრდელები ფონდისგან შემდეგ ვიზიტსაც ელიან, რომელსაც ფონდი “არველაძეც” შეუერთდება სხვა ცნობილ ქართველ სპორტსმენებთან ერთად.
იხილეთ ფოტო გალერეა: