ფსიქომეტრული და საკონსულტაციო ასოციაცია 2006 წლიდან დღემდე ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით ახორციელებდა პროექტს „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა მე-20 საჯარო სკოლაში”. სკოლაში ინკლუზიური განათლების ფილოსოფიისა და პრინციპების დანერგვაზე ორგანიზაცია 3 წლის მანძილზე აქტიურად მუშაობდა. 18 მარტს კი პროექტის დახურვის ღონისძიება გაიმართა, რომელზეც ფსიქომეტრულმა და საკონსულტაციო ასოციაციამ სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად 3 წლის მანძილზე გაწეული სამუშაოს შედეგები წარმოადგინა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებმა და მათმა თანაკლასელებმა კი ერთობლივი ნამუშევრები გამოფინეს.
პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად, სკოლა მთლიანად გადავიდა ინკლუზიურ განათლებაზე და პროექტის დასრულების მიუხედავად, სკოლის ადმინისტრაცია ამ მიმართულებით მუშაობას დამოუკიდებლად გააგრძელებს.
პროექტის განხორციელების მანძილზე ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდა სკოლაში ინკლუზიური განათლების ფილოსოფიისა და პრინციპების გაცნობა, პოპულარიზაცია და განხორციელება. 2006 წელს სკოლაში არსებული სპეციალური კლასი 6 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) მოსწავლით თანდათანობით გადავიდა ინტეგრირებულ სწავლებაზე და 2009 წლისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ყველა მოსწავლე, თანატოლებთან ერთად ზოგადსაგანმანათლებლო კლასებში განათლების მიღებისპროცესში ჩაერთო.
პროექტის მსვლელობისას პედაგოგებმა გაიარეს ტრენინგები ინკლუზიური განათლების პრინციპებზე, საკლასო მენეჯმენტსა და ინდივიდუალურ საგანმანათლებლო გეგმაზე, გამოიცა წიგნი „ინკლუზიური განათლების პრინციპები” (ავტორთა ჯგუფი), რომელიც გამოცემისთანავე ინკლუზიური განათლების საკითხებისადმი მიძღვნილი ბევრი საუნივერსიტეტო პროგრამის ერთ-ერთ ძირითად სახელმძღვანელოდ იქცა.
სკოლაში ჩამოყალიბდა თეატრალური დასი, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებმა თანაკლასელებთან ერთად მოამზადეს და 2009 წლის 1 ივნისს წარმოადგინეს ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე სპექტაკლი „თოვლის დედოფალი”.
პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ხელგარჯის წრე, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები და მათითანაკლასელები ერთობლივ შემოქმედებით პროცესში ჩაერთნენ. ივნისის თვეში გალერეა „უნივერსში” მათი ნამუშევრებიც გამოიფინა.
ინკლუზიური განათლების პოპულარიზაციის მიზნით სკოლის მოსწავლეებმა საკუთარ ნახატებზე დაყრდნობით შექმნეს სკოლის ლოგო და სლოგანი, რომელთა გამოყენებითაც დამზადდა სამკერდე ნიშნები, კალენდრები და გაკვეთილების ცხრილები.
დღესდღეობით სკოლაში უკვე 12 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეა, აქვე ფუნქციონირებს რესურს-ოთახი, ფსიქოლოგიური სამსახური, თეატრალური დასი და ხელგარჯის წრე, რომელთა მთავარი მიზანი ამ მოსწავლეებისათვის განათლებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობაა.
იხილეთ ფოტო გალერეა: