2009 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა აქტიურად თანამშრომლობდა სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან არასამთავრობო ორგანიზაციების მდგრადობის საკითხებზე. ამ მცდელობამ საფუძველი დაუდო „არასამთავრობო ორგანიზაციების მდგრადობის ინიციატივის“ პროექტს, რომელიც საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს.
სწორედ ამ მიზნით, 2010 წლის 10-16 იანვარს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები (13 მონაწილე) ჩეხეთს და სლოვაკეთს ეწვივნენ. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა (ჩეხეთი-Association for Internatiional Affairs, სლოვაკეთი- Partners for Democratic Change) კოლეგებს პრეზენტაციები ჩაუტარეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
ქართულმა ორგანიზაციებმა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც მოინახულეს და გაეცნენ არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებისათვის ხელსაყრელ კანონმდებლობას; თანხების მოძიების ინოვაციური მიდგომებს; დამატებითი შემოსავლის მოპოვებისკენ მიმართულ საქმიანობას; განიხილეს სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების ურთიერთობის საკითხებიც.
ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის მდგრადობის საკითხებზე მომავალი თანამშრომლობის დასაწყისია. გაზაფხულზე ფონდი თბილისში ამ თემაზე კონფერენციის მოწყობას და კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებების საფუძველზე პუბლიკაციის გამოცემას გეგმავს.
სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს გაეროს ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, კივიტას გეორგიკა, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, CTC – კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრი, პარტნიორები საქართველო, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში, ასოციაცია თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის, ფსიქომეტრული და საკონსულტაციო ასოციაცია და საქართველოს ბავშვები.