რამდენად ეფექტურია ნარკოტესტირება ქუჩის პირობებში?!

20.04.2010

2006 წლის შემდეგ ქუჩაში პოლიცია ყოველწლიურად  დაახლოებით 50 000 ადამიანს აკავებს და  ნარკოტიკის მოხმარებაზე  ამოწმებს. ნარკოტიკებზე ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში დაკავებულს ემუქრება დიდი ჯარიმა ან პატიმრობა. ამ პოლიტიკის ლოგიკა ასეთია: მკაცრი სადამსჯელო ზომები (ა) უბიძგებს ნარკოტიკის მომხმარებელს, შეწყვიტოს ნარკოტიკის მოხმარება და (ბ) იცავს ბავშვებს და მოზარდებს აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების გასინჯვისაგან. მიუხედავად ამისა, ამ პოლიტიკის მოწინააღმდეგეები მუდმივად ამტკიცებენ, რომ “ნადირობა” ათასობით ადამიანზე ტესტის ჩატარების მიზნით არავითარ ან უმნიშვნელო ზემოქმედებას ახდენს ნარკოტიკების მოხმარების მასშტაბებზე.

ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით კავშირმა ”ალტერნატივა ჯორჯიამ”, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრმა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა კვლევა ჩაატარეს, რომლის პრეზენტაცია 19 აპრილს, სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა.  კვლევას ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია საერთაშორისო ფონდმა ”კურაციომ”.

მოცემული კვლევა სრულიად ნოვატორულია საქართველოს ნარკოპოლიტიკის სფეროში. კვლევის მიზანი იყო შეესწავლა, რამდენად ეფექტურია მოქალაქეთა ნარკოტესტირება ქუჩის პირობებში და რა ხარჯებთან არის დაკავშირებული. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდა პოლიტიკიც ცნობარი (დოკუმენტი), რომელსაც ორგანიზაციები ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს წარუდგენენ.   

კვლევა 3 ძირითად საკითხზე იყო ფოკუსირებული:

ა) რა თანხა დახარჯა 2008 წელს საქართველომ ნარკოტიკის მოხმარებაზე რანდომული ტესტების ჩატარების ღონისძიებაზე ქუჩის პირობებში და შემდგომ საკანონმდებლო ზომებზე;

ბ) რა გავლენა მოახდინა ნარკოლოგიურმა შემოწმებამ ნარკოტიკების მომხმარებლებზე მათი ნარკოკარიერის, მოხმარების წესისა და მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების თვალსაზრისით;

ც) რა მიზნების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი ა) პუნქტში მითითებული თანხები ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის ან სხვა სამკურნალო და პრევენციული ზომების განხორციელებაზე რომ   დახარჯულიყო.

კვლევის შედეგები ცხადჰყოფს, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა დასჯა და დაპატიმრება უმნიშვნელო (ან არავითარ) გავლენას ახდენს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ქცევაზე და  ძალოვანი სტრუქტურების და სასამართლო სისტემის ისედაც შეზღუდული რესურსების არაეფექტურ ხარჯვას განაპირობებს. სადამსჯელო ზომების შედეგად, რომელთაც ანალოგი არ გააჩნიათ განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში, არ მოხდა ნარკოტიკების მოხმარების შემცირება.

პოლიტიკის დოკუმენტის მეშვეობით ორგანიზაციები მთავრობას კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებენ. კერძოდ, ის, რომ სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულ იქნას 273-ე მუხლი. პრიორიტეტი კი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და არა ნარკოტიკების მომხმარებელთა დევნა უნდა იყოს. შედეგად 1600 ადამიანი აცდება ციხეში სასჯელის მოხდას და 8 მილიონზე მეტი ლარი დაიზოგება. 

თანდართულ პოლიტიკის ცნობარში (დოკუმენტი) კვლევის ამოცანებს, მიგნებებს და რეკომენდაციებს გაეცნობით.