არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებისკენ მიმართული ტრეინინგები დასრულდა

17.05.2010

2010 წლის იანვრიდან მაისის თვემდე ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ტრეინინგ ცენტრში საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მიმდინარეობდა ინტენსიური ტრეინინგები ფონდების მოძიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მართვის, სტრატეგიული დაგეგმვის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამოქალაქო ინტერესების დაცვის საკითხებზე. ტრეინინგები ფონდის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის შიდა პროექტის “საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების ამაღლება” ფარგლებში ხორციელდებოდა. ჯამში 13 ტრეინინგი ჩატარდა, რომელთაც “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” და “პარტნიორები საქართველოს” წარმომადგენლები უწევდნენ ფასილიტაციას. პროგრამის ბოლო კურსი 30 აპრილს დასრულდა.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ქეთი ხუციშვილის თქმით “ფონდი ცდილობს სამოქალაქო სექტორში ადამიანური რესურსების განვითარებას შეუწყოს ხელი და სამოქალაქო სექტორის განვითარების რესურს-ცენტრად იქცეს”.

სწორედ ამ მიზნით,  2009 წლის ზაფხულში ფონდის ოფისში  სატრეინინგო სივრცე გაიხსნა და არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებისკენ მიმართულ ტრეინინგებში მონაწილეობისთვის კონკურსიც გამოცხადდა. ტრეინინგში მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციების ოთხმოცმა წარმომადგენელმა, რომელთა შორის იყვნენ როგორც დამწყები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე განვითარებული ორგანიზაციების ნაკლებად გამოცდილი წევრები, რომელთაც მიუხედავად დიდი სურვილისა, რომ აიმაღლონ კვალიფიკაცია, ხელი არ მიუწვდებათ შესაბამის პროგრამებზე.

“ასოციაციისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო აღნიშნული პროგრამა და ვისურვებდით, რომ მსგავსი ტრეინინგებით სარგებლობის შესაძლებლობა მომავალშიც მოგვეცეს, რადგან ასოციაცია საკუთარი სახსრებით ვერ ახერხებს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას. მიუხედავად მცირე დროის გასვლისა ჩვენი თანამშრომელი უკვე ახერხებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას”- ამბობს ირინა ინასარიძე, ასოციაციის ”ანიკა” პრეზიდენტი.

“ბევრ ტრეინინგზე ვყოფილვარ, მაგრამ ეს კურსი განსაკუთრებული იყო წარმოდგენილი პრაქტიკული სავარჯიშოებით, რომელიც ეფექტურად იყო შერწყმული თეორიულ მასალასთან. დარწმუნებული ვარ, რომ მიღებულ ცოდნას წარმატებით გამოვიყენებ პროექტების დაგეგმვაში და განხორციელებაში, შედეგად გაიზრდება ორგანიზაციის ეფექტიანობა”- აღნიშნა თეა თოფურიამ, ასოციაციის ”HERA XXI” წარმომადგენელმა.