არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა არჩევნების სამართლიანად ჩატარების ხელშეწყობისთვის

04.06.2010

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულად, სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების  ხელშეწყობის, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან საარჩევნო პროცესების მონიტორინგში ჩართვისა  და საარჩევნო საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების  მიზნით, ფონდმა ”ღია საზოგადოება-საქართველომ” არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი 12 პროექტი 212 727 აშშ დოლარით დააფინანსა. 

განაცხადების შერჩევისას ფონდმა უპირატესობა იმ პროექტებს მიანიჭა, რომლებიც მიზნად ისახავდა:

  • წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, საარჩევნო დარღვევების პრევენციასა და საარჩევნო პროცესების მონიტორინგს;
  • ამომრჩეველთა განათლებასა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას;
  • მონიტორინგის განხორციელებას “პრობლემურ” უბნებზე (მაგ, საარჩევნო პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართვა და მათი საარჩევნო უფლებების დაცვა; სამხედრო და გასამხედროვებულ ნაწილებში არჩევნების დაკვირვება).

წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საარჩევნო პროცესების მონიტორინგისკენ მიმართულ პროექტებს შორის უნდა აღინიშნოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტი “სამართლიანი და თავისუფალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ხელშეწყობა საქართველოში”, რომლის ფარგლებშიც ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდში კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვაზე მონიტორინგი ხორციელდება.  არჩევნების დღეს ქ. თბილისში ორგანიზაციის 100 დამკვირვებელი მუშაობდა, ქუთაისსა და ბათუმში კი ორმოცდაათ-ორმოცდაათი. ორგანიზაციამ ის საარჩევნო უბნები მოიცვა, რომლებიც 2008 წლის არჩევნებისას ყველაზე “პრობლემურად” აღიარეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ უბნებს, სადაც ახალი პროცედურების თანახმად პოლიციის თანამშრომლები იღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას.  არჩევნების დღეს 25 მობილური ჯგუფი მუშაობდა. ამჟამად, 24 დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიებში,  2 კი  ცსკ-ოში აგრძელებს მუშაობას. გარდა ამისა, ორგანიზაცია საგანგებოდ არჩევნებისთვის შექმნილი მედია ცენტრის მეშვეობით მუდმივ რეჟიმში ახდენდა დარღვევებზე რეაგირებას და გასაჩივრებას.

ადამიანის უფლებათა ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში წინასაარჩევნო, საარჩევნო და არჩევნების შემდგომი პროცესების მონიტორინგს ახორციელებდა. არჩევნების დღეს აკვირდებოდა კენჭისყრის პროცედურების დაცვას სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში. განხორციელებული მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ არაერთ დარღვევაზე ორგანიზაციამ ინფორმაცია მედიაცენტრის,  ელექტრონული გაზეთის და ვიდეო პორტალის მეშვეობით გაავრცელა. 

არჩევნების მონიტორინგის ხარისხის გაუმჯობესებას, საარჩევნო დარღვევების აღრიცხვასა და სისტემატიზაციას ემსახურება ახლად დანერგილი  საინფორმაციო  ბაზა,  რომელსაც  ფონდის დაფინანსებით საქართველოში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი  ქმნის. ცენტრის მიერ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის შექმნილი ვებ-გვერდი  ქართულ და უცხოურ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს  მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღებაში დაეხმარებათ. 

სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ამომრჩევლების  და ყველა დაინტერესებული მოქალაქის ინფორმირების და არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ”  ახალი  საარჩევნო ვებპორტალი შექმნა.  არჩევნების დღეს ვებპორტალზე მუდმივად ახლდებოდა ინფორმაცია გამოვლენილი დარღვევებისა და მათზე რეაგირების, საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში წარდგენილი საჩივრების შესახებ.

საარჩევნო პროცესების მონიტორინგზე მიმართულ პროექტებს შორის არის “საერთაშორისო გამჭვირვალობა  – საქართველოს” პროექტი “პოლიტიკური პარტიების ფინანსების გამჭვირვალობის ხელშეწყობა”. პროექტით გათვალისწინებულია  ბიუჯეტიდან დაფინანსებული პოლიტიკური პარტიების წლიური შემოსავლების,  პარტიებისათვის საარჩევნო სიების გადამოწმებისათვის გადაცემული თანხების ხარჯვისა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისათვის მიღებული და დახარჯული თანხების მონიტორინგი.  პროექტის შედეგები და ანგარიში საზოგადოებისათვის სექტემბერში გახდება ცნობილი.

ერთ-ერთი დაფინანსებული პროექტი “ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ”, რომელიც სტუდენტურ-ახალგაზრდულ სათათბიროს ეკუთვნის, ამომრჩეველთა განათლებასა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა. ორგანიზაციამ ჩაატარა ახალგაზრდებისათვის გამართული მრგვალი მაგიდები ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში კონსტიტუციურ, სამართლებრივ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე.

არჩევნების თემაზე მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდის მიზანს ემსახურებოდა სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის პროექტიც.  მიზნის მისაღწევად ორგანიზაციამ  საკმაოდ ორიგინალური ხერხი გამოიყენა.  ტელეკომპანია “იმედის” სერიალ “შუა ქალაქში” წინ წამოსწია საარჩევნო თემატიკა და ”საყვარელი” პერსონაჟების მეშვეობით არჩევნების თემის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი. გარდა ამისა, ორგანიზება გაუწია შეხვედრებს რეგიონებში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჟურნალისტებთან.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი პროექტის “თემატური დებატების ორგანიზება პოლიტიკური პარტიების განვითარებისა და ადგილობრივი არჩევნების გამჭვირვალობისთვის” ფარგლებში პოლიტიკურ პარტიებს  ეკონომიკური ხედვის ჩამოყალიბებაში დაეხმარა  და ადგილობრივი არჩევნების წინ ორგანიზება გაუწია დებატებს ეკონომიკურ და სოციალურ თემატიკაზე. 21 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, მედიას, ეკონომიკის დარგის ექსპერტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს თვითმმართველობის ეკონომიკური მოწყობის და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების შესახებ საკუთარი ხედვა გააცნეს პოლიტიკურმა გაერთიანებებმა: ”ეროვნულმა საბჭო”, ”ალიანსი საქართველოსთვის”, “თორთლაძე-დემოკრატიული პარტიამ”, ”თოფაძე-მრეწველები” და ”ნაციონალური მოძრაობა”.

“პრობლემურ” უბნებზე მონიტორინგს ახორციელებდა ასოციაცია “სამართალი და თავისუფლება”. ასეთი უბნები კი საქართველოს მასშტაბით სამხედრო და გასამხედროვებულ ნაწილები იყო.

ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაციასთან  არსებულმა ახალგაზრდულმა კლუბმა  “დეამ” მოაწყო გამოფენა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ძირითადი უფლებამოსილებების შესახებ მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის ინფორმირებას ისახავდა მიზნად.

მოძრაობა “მრავალეროვანმა საქართველომ” ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში – სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, აჭარაში, მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით რადიო გადაცემები მოამზადა, ახალციხის  უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით  მოაწყო მოდელირებული საარჩევნო უბნები და საგანმანათლებლო მიზნით ფილმი გადაიღო. ამავე რეგიონებში არჩევნების დღეს მონიტორინგი განახორციელა და  საარჩევნო დარღვევის თაობაზე 41 საჩივარი მოამზადა. მონიტორინგის შედეგები სხვადასხვა საინფორმაციო  საშუალებებში მედიაცენტრის მეშვეობით ვრცელდებოდა.

მედიაცენტრის მეშვეობით ჟურნალისტები და ფართო საზოგადოება 24 საათიან რეჟიმში იღებენ ინფორმაციას მათ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სადამკვირვებლო საქმიანობის, დაკვირვების შედეგების  და არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. მედია ცენტრმა, რომელსაც კოორდინაციას არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა  – საქართველო” უწევს, 20 მაისს დაიწყო მუშაობა.

გარდა იმისა, რომ ორგანიზაციები ინფორმაციას მედია ცენტრის და საკუთარი ვებ გვერდების მეშვეობით ავრცელებენ, საჩივრებისა და განაცხადების არასამთავრობოთა სტატისტიკა ”ცესკოს” ვებ გვერდზე არსებული საჩივრების საერთო რეესტრშია შესული. ინფორმაცია საჩივრების, განცხადებების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი ორგანიზაციების ვებ გვერდებზეც:

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”