კონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაციების მდგრადობის თემაზე

04.06.2010

2010 წლის 27 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციების მდგრადობის თემაზე გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო  საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო საზოგადოების  60-მდე წარმომადგენელმა, რომლებმაც  არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე მდგარი პრობლემები განიხილეს და უცხოელ ექსპერტებთან ერთად მათი გადაჭრის გზები დასახეს.

აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას.  კონფერენციაზე დისკუსია გაიმართა ორგანიზაციული მდგრადობის, ფონდების მოძიების, ქვეყანაში მოხალისეობის ხელშეწყობის, საკანონმდებლო ცვლილებებისა და   და სოციალური მეწარმეობის შესახებ.

“არასამთავრობო ორგანიზაციების მდგრადობის ინიციატივა” – ფონდისა და  “აღმოსავლეთ-აღმოსავლეთი: პარტნიორობა საზღვრების გარეშე” ქსელური პროგრამის ერთობლივი პროექტია. იგი რამდენიმე კომპონენტისაგან შედგება: საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების 13 წარმომადგენლის ვიზიტი ჩეხეთსა და სლოვაკეთში (2010 წლის იანვარი) და აპრილსა (19 აპრილი) და მაისში (27 მაისი) ჩატარებული კონფერენციები არასამთავრობო ორგანიზაციების მდგრადობის თემაზე. ამავე პროექტის ფარგლებში იგეგმება კონფერენციის მასალებზე დაყრდნობით პუბლიკაციის მომზადება.

27 მაისის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს  სამოქალაქო საზოგადოების წამყვანმა ორგანიზაციებმა პოლონეთიდან, ლიტვიდან, ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან. მათ საკუთარი ხედვები გაუზიარეს ქართველ მონაწილეებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გახადო ორგანიზაცია წარმატებული და ფინანსურად მდგრადი, განიხილეს გამოწვევები და საფრთხეები, რომელიც გარდამავალ ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე დგას.
“კონფერენციამ სხვა ჭრილში დამანახა მდგრადობის მნიშვნელობა”, “მომაწოდა ახალი იდეები მოხალისეების მოზიდვასთან დაკავშირებით”, “ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ფონდების მოძიების ინოვაციურ მექანიზმებზე და ფონდების მაძიებლის როლისა და მოვალეობების შესახებ” – აღნიშნეს კონფერენციის მონაწილეებმა და დასძინეს: “კონფერენციაზე გამოთქმული იდეების დიდ ნაწილს ყოვედღიურ საქმიანობაში გავითვალისწინებთ”.

ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” იმედოვნებს, რომ კონფერენცია ხელს შეუწყობს საკითხების ახლებურ ხედვასა და ინოვაციურ იდეებს, რომელთა განხორციელება ახლო მომავალში გახდება შესაძლებელი.