მიმართვა მთავრობას მაგისტრალური გაზსადენის არასაპრივატიზაციო ქონების ნუსხიდან ამოღებასთან დაკავშირებით

13.07.2010

12 ივლისს ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ორგანიზებით არასაპრივატიზაციო სახელმწიფო ქონების ნუსხიდან მაგისტრალური გაზსადენის ამოღებასთან დაკავშირებული სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა.  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით მომზადებული “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონპროექტის თანახმად, გაზსადენი იმ ობიექტების ნუსხაში აღარ არის, რომელთა პრივატიზებაც დაუშვებელია. კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტში გავიდა, 13 ივლისს კი მეორე მოსმენა იყო დაგეგმილი. მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, გაზსადენით უკვე დაინტერესდნენ რუსული გაზპრომი, ყაზახური ყაზმუნაი გაზი და აზერბაიჯანული სოკარი. 

კანონპროექტის დამტკიცებამდე,  სამოქალაქო საზოგადოება მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მიმართვა მოამზადა, რომლის თანახმადაც მთავრობამ სამოქალაქო საზოგადოების გადაწყვეტილების პროცესში ჩართვა და პროცესის გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს.

“ჩვენ,  არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მიგვაჩნია, რომ მაგისტრალური გაზსადენის არასაპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღების საჭიროება მთავრობის მხრიდან საკმარისად დასაბუთებული არ არის. გარდა ამისა, სურვილი გვაქვს მივიღოთ შეფასება იმ რისკებისა, რასაც რუსეთის მხრიდან გაზსადენის შესყიდვა გამოიწვევს, მაშინ როდესაც გაზსადენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი ობიექტია”-ნათქვამია მიმართვაში.

უპირველესი, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობისგან ითხოვენ სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით აღნიშნული საკითხის განხილვამდე პარლამენტის მიერ კანონპროექტის “სახელმწიფო ქონების შესახებ” მიღების შეჩერებაა. გარდა ამისა,  მთავრობამ საზოგადოებას უნდა დაუსაბუთოს გაზსადენის არასაპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღების საჭიროება, გამართოს აქტიური კონსულტაციები სამოქალაქო სექტორთან  და დარგის ექსპერტებთან, მათთან ერთად შეიმუშაოს სამართლებრივი გარანტიები და კრიტერიუმები მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაციასთან დაკავშირებით.

“მილსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მიწოდებას საქართველოსა და სომხეთისათვის. ამდენად,  ქვეყნისთვის როგორც სტრატეგიული, ისე ეკონომიკური მნიშვნელობა გააჩნია. ამჟამად, გაზსადენის შესყიდვით დაინტერესებული მხარე რომ რუსეთია, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია. მას კი არა მხოლოდ ბიზნეს ინტერესები, არამედ სტრატეგიული ინტერესები ამოძრავებს. დღევანდელ შეხვედრაზე შეკრებილი საზოგადოება კანონპროექტის ინიციატორებისაგან და ხელისუფლებისგან გაზსადენის არასაპრივატიზაციო ქონების ნუსხიდან ამოღებასთან დაკავშირებით დასაბუთებულ არგუმენტაციას მოითხოვს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ პროცესი გახდეს გამჭვირვალე და გავიგოთ, რატომ დაემატა გაზსადენი საპრივატიზაციო ქონების ნუსხას,  ვინ შეიძლება იყოს პოტენციური მყიდველი და ა.შ “- აღნიშნა ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა.

დებატებში კანონპროექტის ინიციატორები, მთავრობის წევრები, საელჩოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები, დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.  აქცენტი  გაკეთდა ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე და ფისკალურ ეფექტზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ლაშა თორდიას თქმით, გაზპრომის მხრიდან პრივატიზაციის შემთხვევაშიც კი, საქართველოსთვის რუსეთისგან არსებული საფრთხე არ იცვლება. საუბარია იმაზე, რომ ობიექტი უნდა გადავიდეს კერძო მესაკუთრის ხელში, რათა გახდეს ფინანსურად მომგებიანი, თუმცა, მისი თქმით,  ამჟამად ობიექტის პრივატიზაცია არ იგეგმება.

“დიდი ფილოსოფია ნამდვილად არ დევს იმაში, თუ რატომ არის კანონპროექტი ინიცირებული. საუბარია იმ კონცეპტუალურ მიდგომაზე, რომელიც სახელმწიფოს  მსგავსი ტიპის ობიექტების მართვასთან დაკავშირებით ჩამოუყალიბდა. არსებობს პრეცედენტები იმისა, რომ ამ ტიპის ობიექტები კერძო მესაკუთრეების მფლობელობაშია და წარმატებით იმართება. ამ შემთხვევაში საკითხს მივუდექით კონცეპტუალურად,  რომ მსგავსი ტიპის ობიექტი შეიძლება გადავიდეს კერძო სექტორის მართვაში. ნავთობსადენი, ჰესები, ენერგო სისტემა კერძო მესაკუთრეების ხელშია.  ეს ობიექტები, სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე არ ჩამოუვარდება ამ ობიექტს და ფაქტია, რომ კარგად იმართება.  ომის დროსაც ვნახეთ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ობიექტებს კერძო სექტორი მართავს,  ამას უარყოფითი შედეგი არ ჰქონია. ამ შემთხვევაში გვაქვს მიდგომა საკანონმდებლო დონეზე, რისი პრივატიზება შეიძლება ამ ქვეყანაში და რისი არა. თუ პრივატიზაცია მოხდება, საუბარია მხოლოდ აქციათა 10-15%-ის გაყიდვაზე და არა საკონტროლო პაკეტის გადაცემაზე.” – განაცხადა ლაშა თორდიამ.

ეკონომიკის ექსპერტი  რევაზ საყევარიშვილი საკონტროლო პაკეტის გადაცემის ან აქციათა 10-15%-ის გაყიდვის შემთხვევაში პრივატიზაციის ფისკალური ეფექტით დაინტერესდა. ხელისუფლების თქმით, სწორედ იმის გამო, რომ პრივატიზების საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას, ფინანსური გათვლებიც არ განხორციელებულა.

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელმა ირაკლი მაჭარაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებს ის პირობა შეახსენა, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის” (MCC) ფარგლებში გაფორმებული მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაში ჩაიდო. შეთანხმების თანახმად, საქართველოს ობიექტი არ უნდა გაესხვისებინა.

 “საქართველოს მთავრობამ არ უნდა გაყიდოს ან გადასცეს, ან ნებართვა გასცეს გაყიდვაზე ან გადაცემაზე, გაზსადენის და/ან საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის (ან მისი შვილობილი კომპანიების) აქციების საკონტროლო პაკეტი და ასევე არ უნდა გასცეს გირაოს უფლება გაზსადენზე ამ შეთანხმების ვადის ამოწურვამდე, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა თუ „ათასწლეულის განვითარების ფონდი” წერილობითი ფორმით არ განაცხადებს თანხმობას”, – ნათქვამია შეთანხმებაში.

ამ მუხლის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს მთავრობამ უნდა აუნაზღაუროს „ათასწლეულის გამოწვევის პროგრამას” თანხა, რაც გაზსადენის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა. ამის შემდეგ პროგრამა შეწყვეტს გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტს და  დაიტოვებს უფლებას, შეაჩეროს შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა პროექტებიც. შეთანხმების ვადა 2011 წლის 7 აპრილს იწურება.

იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტს არსებული რედაქციით მიიღებენ,   არასამთავრობო ორგანიზაციები აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ  გამოიყენოს დამცავი მექანიზმი და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რაც ქვეყანას საფრთხის წინაშე დააყენებს.

“ჩვენ არ ვართ პრივატიზაციის წინააღმდეგი. შესაძლოა ცალკე შემუშავდეს მთელი პაკეტი დამცავი კანონმდებლობისა, თუკი ასეთი მნიშვნელობის ობიექტები იყიდება,  რათა სახელმწიფომ არ დაკარგოს საკონტროლო პაკეტი ან შეიძლება იყოს სხვა მექანიზმი, მაგალითად, დივერსიფიცირება”-ამბობს ქეთი ხუციშვილი.

მოისმინეთ შეხვედრის აუდიო ჩანაწერი. საუბრობენ: ლაშა თორდია, ვახტანგ ლეჟავა, გურამ ჩახვაძე, რევაზ საყევარიშვილი, ირაკლი მაჭარაშვილი, დავით გამყრელიძე, ლადო პაპავა და სხვები.:

ჩანაწერი 1; ჩანაწერი 2; ჩანაწერი 3.

წაიკითხეთ, მოისმინეთ და უყურეთ თუ რას ამბობს მედია გამართული შეხვედრის და ზოგადად, გაზსადენის შესაძლო პრივატიზების საკითხთან დაკავშირებით.