22 სექტემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო საკონსტიტუციო, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიების, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიის წარმომამდგენლები და ექსპერტები შეიკრიბნენ და კონსტიტუციის რეფორმის პროცესის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.
მრგვალი მაგიდა ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” ორგანიზებული იყო და ორ მთავარ მიზანს ემსახურებოდა: 1) სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან შეფასებულიყო ქვეყანაში მიმდინარე კონსტიტუციური რეფორმის პროცესი, ძირითადად საჯაროობის კუთხით; 2) შეჯამებულიყო და პარლამენტს გადასცემოდა კონსტიტუციური ცვლილებების პროექტზე გამოთქმული ის ძირითადი შენიშვნები და დასკვნები, რომლებიც არასამთავრობო სექტორის თუ სამართლის ექსპერტების მოსაზრებებს აერთიანებს.
შეხვედრაზე ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ არ აჩქარებულიყო და ძირეული განხილვის საფუძველზე, რამდენიმე თვით გადაედო კონსტიტუციური ცვლილებების საპარლამენტო განხილვები. გამოთქმული არგუმენტების თანახმად, აგვისტოში ჩატარებულ დისკუსიებს საჯაროობა აკლდა, ახალი პროექტი კი დასახვეწად მეტ დებატებს საჭიროებს, მათ შორის სატელევიზიო ეთერების მეშვეობით, რასაც ზაფხულის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი, რომელიც ამავე დროს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი იყო, მიიჩნევს, რომ პროექტის შემუშავება ნაჩქარევად მოხდა. მისი თქმით, კომისია 2009 წლის 23 ივნისს შეიქმნა, მაგრამ რეალურად პროექტი უკანასკნელ პერიოდში შემუშავდა. ”პროექტის შემუშავება უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მოხდა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, მაგრამ ყოველ გაფართოებულ სხდომაზე შეკრებისას ვისმენდით არგუმენტებს, რომ ხელისუფლება არ იყო ჩამოყალიბებული ამა თუ იმ საკითხზე და ყოველ ჯერზე საკითხის გადადება გვიხდებოდა. პირველი პროექტი 2010 წლის 12 მაისს, არჩევნების ”ცხელ” პერიოდში გამოქვეყნდა, რიც გამოც არც ჩვენს ასოციაციას და არც პოლიტიკურ ძალებს ჰქონდათ განხილვის პროცესში ჩართვის საშუალება”-აღნიშნა მან.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის თქმით, ყველა პოლიტიკურ ძალას, ერთი წლის მანძილზე ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო პროექტის შემუშავებაში. როგორც მან შეხვედრაზე განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა 24 სექტემბერს, პარლამენტის სესიის რიგგარეშე სხდომაზე იყო დაგეგმილი.
ექსპერტების მოსაზრებით, წარმოდგენილი რედაქციით კონსტიტუციური ცვლილებების მიღება ლეგიტიმაციას გაუკეთებს სამოქალაქო დაპირისპირებას, რადგან პრეზიდენტისა და მთავრობის დაპირისპირების რისკებს მოიცავს. მათივე განცხადებით, აუცილებელია, რომ მთავრობისათვის ნდობისა და უნდობლობის გამოცხადება დეპუტატთა ერთი და იგივე ხმათა რაოდენობით წყდებოდეს.
წარმოდგენილ პროექტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, ხოლო უნდობლობას ხმათა – 3/5 სჭირდება; ამასთან, პროექტში გათვალისწინებულია უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმი, რაც მთავრობის მოქმედი შემადგენლობისთვის უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრისას იმავდროულად მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას ნიშნავს.
შეხვედრაზე შენიშვნები გამოითქვა ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის როლი არსებულზე მეტად უნდა გაძლიერდეს ახალ კონსტიტუციაში; პრემიერ–მინისტრს უნდა შეეზღუდოს იმ კანონპროექტთა წრე, რომლის საფუძველზეც შეეძლება პარლამენტის წინაშე მთავრობის უნდობლობის საკითხი დასვას, რაც პარლამენტის დათხოვნის საფუძველი შეიძლება გახდეს.
პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ცვლილებები არ შეეხება მთავრობისთვის უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის გამოცხადების ვადებსა და ხმათა 3/5–ით ამ გადაწყვეტილების მიღების პროცედურას. ამ წესების ცვლილების რეკომენდაციით ვენეციის კომისია, ასევე ქართველი ექსპერტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოდიან.
ამ ან სხვა თემებთან დაკავშირებით მოსაზრების გაზიარებისთვის მოგვწერეთ Facebook-ზე.
კონსტიტუციის თემაზე ფონდის მიერ 2010 წელს ორგანიზებული სხვა შეხვედრები:
კონფერენცია თემაზე: “საქართველოში საკონსტიტუციო პროცესის მიმდინარეობა და მისი პერსპექტივები”
ახალი ანალიტიკური ნაშრომი კონსტიტუციის საკითხებზე დებატების დაწყებას შეუწყობს ხელს
წაიკითხეთ, მოისმინეთ და უყურეთ თუ რას ამბობს მედია ჩატარებული მრგვალი მაგიდის შესახებ.