2005 წლის 12 სექტემბერს საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი”, რომელიც იმავე წლის 28 ოქტომბერს იქნა რატიფიცირებული საქართველოს პარლამენტის მიერ. საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა 2006 წლის 7 აპრილს ამოქმედდა და იგი საქართველოსთვის 295,3 მილიონი აშშ დოლარის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებდა. კომპაქტის დასრულების ვადაა 2011 წლის 7 აპრილი. თავდაპირველ კომპაქტში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შესული ცვლილების თანახმად პროგრამას 100 მილიონი დოლარი დაემატა. ამის შედეგად, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება 395,3 მილიონამდე გაიზარდა. ამ ფაქტს კომპაქტის დასრულების ვადების კორექტირება არ გამოუწვევია.
2010 წლის 1 დეკემბრისთვის ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების ნუსხა და მასშტაბი ასე გამოიყურება:
1. სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტი -212 მილიონ 615 ათასი აშშ დოლარი
2. ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია- 45, 900 მილიონი აშშ დოლარი
3. რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარება- 54, 735 მილიონი აშშ დოლარი
4. საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდი -32 მილიონი აშშ დოლარი;
5. აგრობიზნესის განვითარება- 20 მილიონ 530 800 ათასი აშშ დოლარი.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მიერ აშშ-ს მთავრობისგან მიღებული «ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა» წარმოადგენს მნიშვნელოვან ფინანსურ წყაროს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა” და ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” კოალიციის “გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოს” ფარგლებში გადაწყვიტეს პროგრამით გათვალისწინებული და დაგეგმილი ღონისძიებების ზედამხედველობა. პროექტის ფარგლებში 2006-2009 წლებში მომზადდა მონიტორინგის ოთხი ანგარიში.
მონიტორინგის მეხუთე ეტაპის ანგარიში 2009-2010 წლის მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიქმნა, რომელიც 14 დეკემბერს სასტუმრო “რედისონ ივერიაში” “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა” და ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” წარადგინეს. ანგარიშში განხილულია პროგრამის განხორციელების პერიოდი 2009 წლის 1 დეკემბრიდან 2010 წლის 1 დეკემბრამდე. ასევე მიმოხილულია პერიოდი 2006 წლის 7 აპრილიდან 2009 წლის 1 დეკემბრამდე, ანუ პროგრამის განხორცილების დაახლოებით 4,5 წლის მანძილზე მიღწეული შედეგები და არსებული პრობლემები.
ღონისძიებას ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ხელმძღვანელობა, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, კონტროლის პალატის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენელმა ნინო ევგენიძემ მონიტორინგის შედეგებზე დეტალურად ისაუბრა. პრეზენტაციის შემდეგ ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი აბდუშელიშვილი აუდიტორიის შეკითხვებს პასუხობდა, რომელიც ძირითადად ყველაზე პრობლემურად მიჩნეულ, სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტს ეხებოდა.
მონიტორინგის შედეგები:
გამჭვირვალობა– მონიტორინგის პერიოდში, პროგრამის განხორციელების მეხუთე ეტაპზე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით პრობლემა შეექმნა. კერძოდ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა ფონდ “ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” 5 აგვისტოს სამეთვალყურეო საბჭოს #48 სხდომის ოქმის და რეზოლუციის მოპოვება შეძლო მხოლოდ 2010 წლის ოქტომბერში, არაერთგზისი მიმართვის შემდეგ. ამას გარდა, ფონდმა საერთოდ ვერ მოგვაწოდა N#47-ე სხდომის ოქმი, რომელიც 2010 წლის 6 ივლისს გაიმართა. ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გაკეთებული განმარტებით, აღნიშნული ოქმი და რეზოლუცია არ არის ხელმოწერილი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მიერ.
ძირითადი მიგნებები
არსებული დაფინანსების ფარგლებში პროექტმა შეძლო დაგეგმილი რეაბილიტაციის სამი ფაზის განხორციელება და პროექტის დამატებითი სეგმენტის-გაზსაცავის საპროექტო შესწავლის სამუშაოების დაფინანსება. ამასთან, პროექტში დაიზოგა თანხები. გასულ წელს განიხილებოდა ამ თანხებით რეაბილიტაციის მეოთხე ფაზის განხორციელება, თუმცა საბოლოოდ ამ ფაზის სრულად განხორციელებაზე უარი ითქვა (მოხდა თანხების ხარჯვის დაყოვნება სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტში შესაძლო პრობლემების დასაზღვევად). შედეგად ე.წ. მეოთხე ფაზა ნაწილობრივ განხორციელდა.