7 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო ცენტრში საერთაშორისო ტრეინინგი – “ტერმინალური სტადია და მოვლა” დაიწყო. სემინარი ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველოში პირველად ტარდება და 9 დეკემბრამდე გაგრძელდება.
სემინარში მონაწილეობენ ექთნები და მომვლელები საქართველოში არსებული ჰოსპისებიდან, შინ მოვლის სამსახურებიდან, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის პალიატიური მზრუნველობის სამსახურიდან, რომელიც წარმოადგენს თსუ მედიცინის ფაკულტეტის კლინიკურ ბაზას.
ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მედიის, კანონისა და ჯანდაცვის ინიციატივის დირექტორმა ნინო კიკნაძემ გახსნეს. სემინარს უძღვებიან საექთნო კოლეჯების ამერიკული ასოციაციის წარმომადგენლები.
”დღეისათვის არსებობს მკურნალობის ხელმისაწვდომი საშუალებები ტკივილის მართვისათვის, ასევე იმ სხვა მრავალი მიზეზის მოხსნისათვის, რომლებიც ტანჯვას აყენებენ არა მხოლოდ კიბოთი დაავადებულებს, არამედ ისეთი ქრონიკული სენით შეპყრობილ და დაავადების ტერმინალურ სტადიაში მყოფ ადამიანებს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი, შიდსი და სხვა. ამ პრობლემის წინაშე დგანან ხანში შესული ადამიანები და ბავშვები. ტრეინინგის მიზანია მოწვეული ამერიკელი ტრენერების დახმარებით ექთნებისა და მომვლელების კვალიფიკაციის ამაღლება, რათა მათ შეძლონ ხელი შეუწყონ პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას ავადმყოფობის უმძიმეს ეტაპზე, ე.წ. ტერმინალურ სტადიაზე”- აღნიშნა ნინო კიკნაძემ.
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გეგმაში პალიატიურ მზრუნველობასა და მის სწავლებას დიდი ყურადღება დაეთმობა.
”ეს ტრეინინგი ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარების, ახალი ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით. თსუ აქტიურად მონაწილეობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში საექთნო კურიკულუმის დანერგვასა და განხორციელებაში, სადაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს პალიატიური მზრუნველობა და მისი სწავლება- ამბობს ალექსანდრე კვიტაშვილი.
პალიატიური მზრუნველობის დანერგვას საქართველოში პირველად 1999 წელს ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” და ღია საზოგადოების ინსტიტუტმა დაუჭირეს მხარი. ფონდის ხელშეწყობით და პირველი ლედის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელდა პალიატიური მზრუნველობის, როგორც სისტემის საფუძვლების შექმნა და პრაქტიკულად ამოქმედდა მედიცინის ეს მიმართულება. ინტენსიური მუშაობისა და ადვოკატირების შედეგად, 2007 წელს პალიატიურ მზრუნველობას მიეცა სამართლებრივი სახე, როგორც ცალკე დარგს და ცვლილებების სახით შევიდა კანონში “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”.
პალიატიური მზრუნველობა მრავალპროფილური მზრუნველობაა, რომლის უპირველესი ამოცანაა განუკურნებელი სენით დაავადებული პირებისათვის ტკივილის მოხსნა, მათი სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება და სულიერი თანადგომის გაწევა. ჰოსპისები კი ის დაწესებულებებია, სადაც ამ ადამიანებს ცხოვრების უკანასკნელი დღეებში, როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ თანადგომას უწევენ. ასეთი დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება შიდსი, ავთვისებიანი სიმსივნე IV სტადიაში, ალცჰეიმერის, პარკინსონის, გულ-სისხლძარღვთა და ნევროლოგიური დაავადებები… ეს ადამიანები პალიატიური პაციენტები არიან, რომელთა მიმართაც მედიცინას მხოლოდ მდგომარეობის შემსუბუქების მიზანი დარჩენია. საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ათასობით ადამიანს ესაჭიროება.
2010 წლის 9 ოქტომბერს პალიატიური მზრუნველობისა და ჰოსპისის საერთაშორისო დღე საქართველოში პირველად აღინიშნა.