”ნარკომანია საქართველოში- სამედიცინო, სოციალური და კულტურული ასპექტები”-თეა ახობაძის სახელობის კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვნენ

10.01.2011

22 დეკემბერს, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში თეა ახობაძის სახელობის კონკურსის: “ნარკომანია საქართველოში – სამედიცინო, სოციალური და კულტურული ასპექტები” გამარჯვებულთა წარდგენისა და დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

აღნიშნული კონკურსი ფონდის ყოფილი თანამშრომლის თეა ახობაძის საპატივსაცემოდ 2010 წელს პირველად გამოცხადდა.  კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს. შემოსული 70-მდე განცხადებიდან საგანგებოდ შექმნილმა ექსპერტთა კომისიამ 13 საუკეთესო გამოავლინა.

ღონისძიება გახსნა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ თეას ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, საქართველოს ზიანის შემცირების ქსელის წარმომადგენლები, ფონდის თანამშრომლები და სხვა სტუმრები.

გაიხსენეს თეას ბიოგრაფია და მოღვაწეობა. აღინიშნა მისი ღვაწლი ზიანის შემცირებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ინიციატივის საკითხებში.

კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები. კონკურსში გამარჯვებულმა  I და II ადგილის მფლობელმა ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებმა გააკეთეს თავიანთი ნაშრომების მოკლე პრეზენტაციები. სტუდენტთა ნამუშევრებით დაინტერესდნენ ზიანის შემცირების ქსელის წარმომადგენლები და სხვა სპეციალისტები, რომელთაც გამოთქვეს გამარჯვებულ სტუდენტებთან მომავალში თანამშრომლობის სურვილი.

აღინიშნა, რომ ეს კონკურსი მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ თეას საქმიანობისა და მოღვაწეობის  გასაცნობად სტუდენტებისთვის, არამედ ახალგაზრდების გააქტიურებისათვის, მათთვის წერითი და ორატორული უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის, და უმთავრესად, ახალგაზრდებისათვის იმ ღირებულებების გასაზიარებლად, რომლის მატარებელიციყო  თეა თავისი ხანმოკლე, მაგრამ აქტიური ცხოვრების მანძილზე.