ვირტუალური პლატფორმა საბჭოთა წარსულის გასააზრებლად

28.01.2011

25 იანვარს, გოეთეს ინსტიტუტში გაიმართა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტის  “ვირტუალური პლატფორმა: საბჭოთა წარსულის გააზრება” პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე “ქართული მწერლობა საბჭოთა სისტემაში: რეალობის განზომილება”.

პროექტის შექმნისა და განხორციელების იდეა ავტორებს თანამედროვე საქართველოში ერთიანი საბჭოთა დოკუმენტური არქივის არარსებობამ  შთააგონა. პროექტი მიზნად ისახავს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით საგანმანათლებლო რესურსის შექმნას, მისი საშუალებით ტოტალიტარიზმის, სტალინური რეპრესიების და ზოგადად საბჭოთა პერიოდის შესახებ დისკუსიის წახალისებას და მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდას.

“მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საბჭოთა წარსულის ხელახალი გააზრება:  70  წლიანი პერიოდის შეფასება  არა მხოლოდ მსხვერპლის პოზიციიდან, არამედ საზოგადოების პასუხისმგებლობაზე ხმამაღლა საუბარი და გარკვეული მოვლენების მიღება, მათი შელამაზებისა და მისტიფიცირების გარეშე; ჩვენი აზრით, აღნიშნული პროცესი საფუძვლად უნდა დაედოს ქვეყანაში ისეთი საზოგადოების ფორმირებას, რომელსაც შეუძლია გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა, დაინახოს რეალური პრობლემები და თავად ეცადოს ამ პრობლემების მოგვარებას.”- ამბობს ანა მარგველაშვილი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება ერთიანი არქივი, რომელიც თავს მოუყრის რეპრესიების მსხვერპლთა ისტორიებს ეპოქის  მოწმეების, მათი ოჯახების გამოკითხვის და მათ ხელთ არსებული ფოტო-დოკუმენტური მასალის შეგროვების გზით; ათი თვის მანძილზე გოეთეს ინსტიტუტში ყოველთვიურად მოეწყობა ლექციები და დისკუსიები საზოგადოების ყველა სოციალური თუ ასაკობრივი  ჯგუფის მონაწილეობით, რაც სპეციალისტებს, მკვლევარებს, დაინტერესებულ საზოგადოებასა თუ ახალგაზრდა თაობას საშუალებას მისცემს გაეცნონ და გამოიკვლიონ უახლესი ისტორია. დაგეგმილია ათი თემატური დისკუსიის გამართვა და ამდენივე ზეპირი ისტორიის ჩაწერა და შეგროვება ისტორიული მეხსიერების კვლევის მიზნით. შეხვედრები სტრიმინგის საშუალებით გადაიცემა ვებ გვერდზე (http://www.livestream.com/sovlab, http://www.justintv.com/sovlab), რათა ხელმისაწვდომი გახდეს უფრო ფართო აუდიტორიისათვის.

“საბჭოთა წარსულის კვლევა მნიშვნელოვანი ინიციატივაა და დაგვეხმარება არა მარტო წარსულის გაანალიზებაში, არამედ თანამედროვე პრობლემების უკეთ განსაზღვრასა და გადაჭრაში”- აღნიშნა ხათუნა იოსელიანმა, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ხელმძღვანელმა. 

პროექტი ხორციელდება ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით. პარტნიორები არიან გოეთეს ინსტიტუტი და ნეტგაზეთი.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ორგანიზაციის ვებ-გვერდს