კოალიციამ ”მედიის ადვოკატირებისათვის” მუშაობა დაიწყო

13.04.2011

13 აპრილს კლუბ  “ფრონტლაინ ჯორჯიაში”  ახალი კოალიციის პრეზენტაცია გაიმართა. კოალიცია “მედიის  ადვოკატირებისათვის” მედია და საზოგადოებრივ 11 ორგანიზაციას აერთიანებს.  მისი უმთავრესი მიზანი ქვეყანაში არსებული მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მედია მფლობელებისა და ჟურნალისტთა ინტერესების დაცვაა.  პრესკონფერენციაზე კოალიციის დამფუძნებლებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმად, კოალიციის ყველა წევრი იკისრებს პასუხისმგებლობას, საკუთარი საქმიანობით კოალიციის მიზნებს ემსახუროს. კოალიციაში გაწევრიანება ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია, რომელიც მედიის ადვოკატირების საკითხებზე მუშაობს და კოალიციის მიზნებს იზიარებს.

კოალიციის საქმიანობა ადვოკატირების  სხვადასხვა საკითხებს გულისხმობს, როგორიცაა მედიის გამჭვირვალობა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მედიის მარეგულირებელი კანონდებლობის დახვეწა და კანონის აღსრულება,   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონიტორინგი.  გარდა ამისა, კოალიცია იმუშავებს ჟურნალისტთა უფლებებისა და მედიის ფინანსური დამოუკიდებლობის დაცვის საკითხებზე, შეისწავლის მედიის სფეროში მიმდინარე მოვლენებს და შესაბამისად გამოეხმაურება მათ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონულ მაუწყებლების წინაშე მდგარ პრობლემებს.

“ყველა ის საკითხი რაც მედიაორგანიზაციების ინტერესების სფეროს შეეხება კოალიციის განხილვის საგანი იქნება. რეგიონული მაუწყებლები განსაკუთრებით აქტუალურია “- აცხადებს თამარ კორძაია, კოალიციის კოორდინატორი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი.

საწყის ეტაპზე, კოალიციის წევრები კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაკვეთილი და BCG Research-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის სანდოობის საკითხს გამოეხმაურნენ. “მედიაკლუბი”-ს წარმომადგენლის შორენა შავერდაშვილის განცხადებით,  კოალიცია კვლევას დეტალურად შეისწავლის და აქტიურად იმუშავებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ ლიცენზიების გაცემის საკითხზე.

ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” კოალიციის მხარდამჭერი და წევრია. ფონდის წარმომადგენლის თქმით, კოალიციის შექმნას ბიძგი მისცა  მედიექსპერტების მიერ მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე მიმართული  საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებამ.

“ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც ინიციატივა დონორებისგანაა ნაკარნახევი. ეს იყო ლოგიკური დასასრული იმ პროცესისა, რომელიც დაიწყო შარშან, როდესაც მედიაექსპერტების ჯგუფმა მედიაგარემოს გაუმჯობესებისთვის კანონპროექტი შეიმუშავა. შემდეგ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიაასოციაციებმა”- აღნიშნავს ხატია ჯინჯიხაძე ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მედიაპროგრამის მენეჯერი.

ამჟამად კოალიცია 11 წევრს აერთიანებს:

  • “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”;
  • “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი”;
  • “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”;
  • “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი”;
  • “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია”;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოებისათვის”;
  • “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია”;
  • “რეგიონული მაუწყებლების ქსელი”;
  • “ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია”;
  • “მედიაკლუბი”;
  • ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”.

იხილეთ მემორანდუმი, რომელსაც დღეს კოალიციის წევრებმა მოაწერეს ხელი.

ნახეთ, მოისმინეთ, უყურეთ როგორ აშუქებს მედია პრესკონფერენციას.