რიტა ხაჩატურიანის ნამუშევრები ღია გალერეაში

23.06.2011

24 ივნისიდან 8 ივლისამდე
ადგილი: ღია გალერეა, ჭოველიძის ქ. 10

ღია გალერეა წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ხელოვანის რიტა ხაჩატურიანის ნამუშევრების გამოფენას ”ნაგავი”. ექსპოზიციის თემაა ქალები და მათი მდგომარეობა თანამედროვე სამყაროში.

გამოფენის ავტორის ჩანაწერებიდან

” სანაგვე “
ჩემი ნამუშევრები – ერთი ჩვეულებრივი “სანაგვეა”, სადაც საზოგადოების ძვირფასს ნარჩენებს ვაგროვებ, ანუ ადამიანებს.

ბოლო ნამუშევრების ნაწილი უფრო მეტად ქალებს ეხება. ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა ქალი და მისი მდგომარეობა თანამედროვე სამყაროში – ქალი, როგორც პროდუქტი, მისი განწირულობა და დისკრიმინაცია ამ “ფსევდო-ცივილურ” საზოგადოებაში.

პორტრეტების, ადამიანების აბსტრაქტული იმიჯების მთავარი გზავნილი არ ეკუთვნის წარმატებულ და გამარჯვებულ ადამიანებს. ეს თემაც ხომ ძალიან პირობითია. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს კატეგორიაც “წარმატებული და გამარჯვებული ადმიანების” , რომელიც, თითქოს და შედარებით მაღალი ხარისხის მქონე, სამომხმარებლოდ განკუთვნილი, სინამდვილეში კარგად შეფუთული პროდუქტია, რომელიც არ იწვევს მოწამვლას მოხმარებისას. მე კი მოწამლული ვარ ჩემს მოცემულობაში და ჩემი სიმპტომატიკა ჩემს მიერ შექმნილ გამოსახულებებშია. მე მიყვარს გაღატაკებული, გალოთებული, უსახლკარო, სუიციდის ზღვარზე მყოფი ადამიანები; ხელმოცარულები, სასოწარკვეთილები, უსახსროდ დარჩენილი მარტოხელა დედები, მშიერი მოხუცები, უპატრონო მაწანწალა ცხოველები.

ეს არის ჩემი ძვირფასი სანაგვე ამ “ფსევდო-ცივილურ” სამყაროში.

ივნისი, 2011. რიტა ხაჩატურიანი