2011 წლის 14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოში მესამედ აღინიშნა. სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ამ თემაზე გამოფენა – ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 48 სამთავრობო, საერთაშორისო და და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ. გამოფენა-ფორუმს წელს პირველად შეუერთდნენ პოლონეთსა და აზერბაიჯანში მოქმედი უფლებათადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
გასული წლების მსგავსად, ღონისძიების ბოლოს დასახელდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი გამარჯვებულები. ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” აღიარეს როგორც ორგანიზაცია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საუკეთესო პროექტებს უჭერს მხარს.
ფონდი ,,ღია საზოგადოება – საქართველო”, თავისი საქმიანობით ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალურ ინტეგრაციას და მათ თანამონაწილეობას საზოგადოებრივ საქმიანობაში. 2009 წლიდან დღემდე ფონდის მხარდაჭერით წარმატებით განხორციელდა ოცდაათამდე პროექტი, რომლებიც, სხვადასხვა სახით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ადვოკატირების წარმატებულ მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ სახალხო დამცველის პროექტი, რომლის შედეგად ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების სისტემის რეფორმა დაიწყო.