საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა 2011 წლის პირველ ნახევარში

23.09.2011

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით 23 სექტემბერს გამოაქვეყნა ყოველკვარტალური ანგარიშის “საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა” პირველი ნომერი, რომელშიც გაანალიზებულია 2011 წლის პირველი ნახევრის საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა.

პირველი გამოცემის მთავარი თემაა უთანასწორობა და ჯინის კოეფიციენტი. ე.წ. ჯინის კოეფიციენტი (იტალიელი სტატისტიკოსის კორადო ჯინის სახელობის ინდიკატორი) საზოგადოების შემოსავლებს შორის უთანასწორობის ყველაზე გავრცელებული და ადვილად გასაგები საზომია. ჯინის დაბალი კოეფიციენტი განაწილების მაღალ თანასწორობაზე მიუთითებს.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ჯინის კოეფიციენტი 40.8-ს (პროცენტს) უდრის. სურათის უკეთ დასანახად, კვლევაში ეს მონაცემი შედარებულია სხვა ქვეყნების მონაცემებთან. ამ მაჩვენებლით იგი უტოლდება ლათინური ქვეყნების ინდიკატორებს (ვენესუელა 43.4, ურუგვაი 47.1, კოლუმბია 58.5), რომელთა დამახასიათებელი ნიშანი საშუალო კლასის არარსებობა ანდა მცირერიცხოვანი საშუალო კლასია. სკანდინავიის ქვეყნებში ეს ინდიკატორი 25-ია, აფრიკის კონტინენტს შედარებით მაღალი ინდიკატორი აქვს (დაახლოებით 70). თვით რეგიონშიც კი, რომელშიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინდიკატორები შედარებით მაღალია, საქართველოს კოეფიციენტი მაინც ზოგიერთი მისი მეზობლისას აჭარბებს: სომხეთის ჯინის კოეფიციენტი 30.2-ს შეადგენს, რუსეთის (43.7)-ს და თურქეთის (41.2) კოეფიციენტს.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ეკონომიკური ბიულეტენი მომავალში სხვა თემებსაც შეეხება. “დღესდღეობით არ არსებობს დამოუკიდებელი ეკონომიკური გამოცემა, რომელიც ექსპერტულად შეაფასებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ეს არის ჩვენი პირველი მცდელობა, რომლის შემდეგ ყოველკვარტალურად შემოგთავაზებთ ეკონომიკური მდგომარეობის სიღრმისეულ ანალიზს”- აღნიშნა კახა უგულავამ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პრეზიდენტმა.

სხვადასხვა გამოცემებში აქცენტი გაკეთდება ერთ კონკრეტულ თემაზე. განხილულ იქნება ეკონომიკის ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორებიცაა: მთლიანი შიდა პროდუქტი, მთლიანი ეროვნული შემოსავალი, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ინფლაცია და უმუშევრობა, საგარეო ვაჭრობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ქვეყნის ბიუჯეტი და ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხორციელება, ქვეყნის საბანკო სექტორი და ასევე, საქართველოს ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივიდან.

“ყოველკვარტალურ გამოცემებში გაანალიზებული იქნება ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და განვითარების ტენდენციები. გარდა ანალიზისა, ორგანიზაცია წარმოადგენს რეკომენდაციებს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე პოლიტიკური პარტიებისა და სხვა დაინტერესებული ჯგუფებისთვის. იმედი გვაქვს, ეს გამოცემა სანდო წყარო იქნება ექპერტებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მსჯელობისას”- ამბობს ქეთი ხუციშვილი, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

გამოცემები მზადდება “ღია საზოგადოების ინსტიტუტის” ინსტიტუციონალური დახმარების პროექტის ფარგლებში.

ნახეთ გამოცემის სრული ვერსია ქართულ და ინგლისურ ენებზე.