კვლევის შედეგები და რეკომენდაციები დევნილთა კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით

30.09.2011

23 სექტემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომელიც საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციას ეხება. აღნიშნული კვლევა განხორციელდა პროექტის „დახმარების ეფექტურობის ხელშეწყობა” ფარგლებში.  

90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები კოლექტიურ ცენტრებში ცხოვრობენ, რომელთა რეაბილიტაცია 2009 წელს დაიწყო  „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა”.

კვლევაში წარმოდგენილია ამ ცენტრების სარემონტო სამუშაოების ხარისხის შეფასება და გაანალიზებულია რეაბილიტაციის შესახებ დევნილთა ზოგადი მოსაზრებები და დამოკიდებულები. განსაკუთრებული აქცენტია დასავლეთ საქართველოზე, სადაც „მუნიციპალური განვითარების ფონდმა” სარეაბილიტაციო პროექტების დაახლოებით 80 პროცენტი განახორციელა. შედეგები ცხადყოფს, რომ დასავლეთ საქართველოში რიგი კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია მაღალი ხარისხით არ შესრულებულა.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ:

  • გამოკითხულ დევნილთა უმეტესობა ფიქრობს, რომ გარემონტებულ ბინებში გადასვლით მათი საცხოვრებელი პირობები შედარებით გაუმჯობესდა;
  • მონახულებული 22 კოლექტიური ცენტრიდან 5 საკმაოდ კარგ მდგომარეობაში იყო, 17-ში კი რემონტის შემდგომი მნიშვნელოვანი დეფექტები გამოვლინდა;
  • „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა” და სამშენებლო კომპანიების მიერ არ მომხდარა სარემონტო სამუშაოების დეფექტების სათანადოდ გამოსწორება;
  • საცხოვრებელი ბინების პრივატიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარებას საჭიროებს.

    გარდა შედეგებისა,  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მუნიციპალური განვითარების ფონდს, ლტოლვილთა და განსახლების სამინიტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტებს რეკომენდაციებსაც სთავაზობს, რაც, ძირითადად, რეაბილიტაციის პროცესის  კოორდინაციის, ზედამხედველობის მექანიზმებისა და დევნილებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას ეხება.

     

    ნახეთ ვიდეო

    ნახეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ინგლისურ და ქართულ ენაზე.