OPENDATA.ge – საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის პირველი ეტაპის შედეგები გამოქვეყნდა

22.09.2011

20 სექტემბერს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის www.OPENDATA.ge-ს მუშაობის პირველი ეტაპის შედეგები შეაჯამა და მეორე ეტაპის განხორციელებისთვის დაგეგმილი ღონისძიებები წარმოადგინა.

OPENDATA.ge არის ონლაინ წყარო, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია სახელმწიფო დაწესებულებების ბიუჯეტის, სახელფასო ფონდების, გამოცხადებული ტენდერების და სახელმწიფო შესყიდვების, სამივლინებო ხარჯების, სახელმწიფო უწყებების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ. ამ ინფორმაციის გამოთხოვა, დამუშავება და OPENDATA.ge -ზე ატვირთვა 2011 წლის აპრილიდან ხორციელდება. ვებგვერდს ყოველდღიურად 300-მდე სტუმარი ჰყავს.

“ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ვებგვერდზეა განთავსებული და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოქალაქისთვის. კვლევის შედეგად იკვეთება, რომ წინა თვეებთან შედარებით, ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით წინსვლა შეიმჩნევა, თუმცა კვლავ ბევრი სტრუქტურა რჩება დახურული. არის რამდენიმე უწყება, რომელთაგან საჯარო ინფორმაციის მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია.”-ამბობს ლევან ავალიშვილი, პროექტის ერთერთი ხელმძღვანელი.

OPENDATA.ge-ს ავტორები პარალელურად საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო რესურსების მონიტორინგსაც ახორციელებენ. პრესკონფერენციაზე, ინფორმაციულობის თვალსაზრისით ყველაზე დახურული და გამჭვირვალე სახელმწიფო უწყებებიც დაასახელეს.

“ყველაზე ღია უწყება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროა. ინფორმაციის მიღება განსაკუთრებით რთულია ძალოვანი სტრუქტურებიდან. ხშირად ადგილი აქვს მოთხოვნების იგნორირებას”- აღნიშნა სერგი ჯორბენაძემ, პროექტის კოორდინატორმა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს საჯარო უწყებებისათვის გაგზავნილი მოთხოვნებიდან 641-ზე პასუხი არ მიუღია. საჯარო ინფორმაციის დაფარვისათვის ორგანიზაციამ სასამართლოში რამდენიმე სარჩელიც შეიტანა.

ნახეთ ღონისძიების მედიაგაშუქება.