სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კავშირი ,,ბორჯღალო” ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს: ,,მოხალისეთა საინფორმაციო ცენტრი”, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოხალისეობის ინსტიტუტის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას და მათ აქტიურ ჩართვას მოხალისეობრივ საქმიანობაში. მოხალისეთა მთავარ კონტიგენტს ახალგაზრდობა წარმოადგენს, საქართველოში მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარება კი ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ფორმირების და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.
სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ,,ბორჯღალო”-ს და რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ერთობლივი ორგანიზებით 2011 წლის 5 დეკემბერს ბათუმში ,,თიბისი ბანკი”-ს საგამოფენო დარბაზში გაიმართა მოხალისეთა I გაერთიანებული ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა ქართველმა და უცხოელმა მოხალისეებმა, მოხალისეთა საინიციატივო ჯგუფებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ფორუმზე შეფასდა 2011 წელს აჭარის რეგიონში განხორციელებული მოხალისეობრივი აქტივობები, დაჯილდოვდნენ საუკეთესო ახალგაზრდა მოხალისეები და ორგანიზაციები, სამომავლოდ განისაზღვრება 2012 წლის პრიორიტეტული მიმართულებები, ჩამოყალიბდება ურთიერთთანამშრომლობის გეგმა და წარმოდგენილი იქნება მომავალი წლის მოხალისეობრივი საქმიანობების მოკლე აღწერა და გრაფიკი. ფორუმის მუსიკალური გაფორმება უზრუნველყო ახალგაზრდა მუსიკოსების ჯგუფმა ,,ლაზგური”, რომელიც რამოდენიმე მუსიკალური კომპოზიციით წარსდგა. ფორუმის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მოხალისეთა ფორუმი სამომავლოდ ტრადიციად იქცევა და ის ყოველწლიურად სწორედ 5 დეკემბერს ჩატარდება. 5 დეკემბრის, როგორც მოხალისეთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას 25-წლიანი ისტორია აქვს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1985 წლის 17 დეკემბერს მიღებულ რეზოლუციაში (40/210) ხაზი გაუსვა მოხალისეობრივი საქმიანობის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში და შესთავაზა წევრ სახელმწიფოებს ყოველწლიურად აღენიშნათ 5 დეკემბერი, როგორც მოხალისეთა საერთაშორისო დღე. აქედან მოყოლებული დღემდე მთელ მსოფლიოში 5 დეკემბერი აღინიშნება სხვადასხვა სახის აქციებითა და ღონისძიებებით, რომლებიც მოხალისეობრივი იდეალების პოპულარიზაციისაკენ არის მიმართული და სასურველია, რომ საქართველოც აქტიურად ჩაერთოს ამ კამპანიაში.
ინფორმაცია მოწოდებულია კავშირი ”ბორჯღალოს” მიერ.