საერთაშორისო ფონდმა “კურაციომ” კვლევის “მედიკამენტების ფასები, ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა საქართველოში” შედეგები გამოაქვეყნა. მედიკამენტების ფასებისა და ხელმისაწვდომობის კვლევა 2009-2011 წლებში სამ ეტაპად განხორციელდა ღია საზოგადოების ინსტიტუტის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
კვლევის მთავარი მიზანი მედიკამენტებზე მოსახლეობის ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.
სამი წლის მანძილზე საქართველოში არსებულ აფთიაქებსა და სხვადასხვა სახის მედიკამენტებზე დაკვირვების საფუძველზე საერთაშორისო ფონდმა “კურაციომ” შეისწავლა ფარმაცევტულ სექტორში არსებული პრაქტიკა, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით კი შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც წარედგინება ჯანდაცვის სექტორის ფართო აუდიტორიას-პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს, ჯანდაცვის სამინისტროს, სადაზღვევო სექტორსადა სხვა დაინტერესებულ მხარეებს.
კვლევა ჩატარდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით. სამი წლის განმავლობაში განხორციელდა ფასების და ფასნამატის მარჟების ანალიზი 52 დასახელების მედიკამენტზე ( ორიგინალი ბრენდი და მათი ექვივალენტი დაბალ ფასიანი გენერიული დასახელების მედიკამენტი) თბილისსა და მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ ლიცენზირებულ აფთიაქებში.
კვლევაში ერთმანეთთან არის შედარებული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ხარისხი ბრენდულ სააფთიაქო ქსელებში და დამოუკიდებელ აფთიაქებში. 2009-2010 წლებში კვლევაში ჩართულ სააფთიაქო ქსელებს (PSP, Aversi, GPC) 2011 წელს დაემატა ფარმადეპო და ფარმაცენტრი.
კვლევაში ერთმანეთთან შედარებულია მედიკამენტების ხელმისაწვდომობა წლების მიხედვითაც. გაანალიზებულია 2009 წელს წამლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების ზეგავლენა მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე და ფასზე საქართველოში. გაანალიზებულია ფასის ცვლილებების ზეგავლენა პაციენტების მკურნალობის ხარჯებზე სხვადასხვა დიაგნოზის მქონე პაციენტებს შორის.
კვლევის შედეგებს გაეცნობით ამ გვერდზე.
ამ თემასთან დაკავშირებულის სტატიები:
ჟურნალი ”ლიბერალი”-რატომ ვიხდით წამალში 5-ჯერ მეტს?
ელექტრონული გაზეთი ”ნეტგაზეთი”-რამდენი იხარჯება წამალზე?