შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა

08.02.2012

2 თებერვალს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციებმა  საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს. გამოფენა, 1-2 თებერვალს იმავე სასტუმროში ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას დაემთხვა, რომელიც გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის პროცესს მიეძღვნა.

გამოფენის მიზანი იყო აღნიშნული ნამუშევრების გაცნობა კონფერენციაში მონაწილე 100-მდე უცხოელი სტუმრისთვის.

გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 5 ორგანიზაციამ – ასოციაცია “ანიკა”, კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი “კამარა”, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი “ისტორიალი” და კავშირი “მშობელთა ხიდი”.

ნამუშევრებთან ერთად ორგანიზაციებმა წარმოადგინეს საინფორმაციო მასალაც, სადაც აღწერეს თუ რაზე მუშაობენ, რა ტიპის სოციალური საწარმოები აქვთ, ვის ხმარდება საწარმოდან მიღებული თანხები და ა.შ. უცხოელი სტუმრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ქართული ტრადიციული ნაკეთობებით მინანქრით, ყანწებით, ხის ნაკეთობებით, სანთლებით, თექით, ძველ სამარხებში ნაპოვნი ნივთების ასლებით.

გამოფენაში მონაწილეობა ორგანიზაციებისთვის ნივთების გამოფენის პირველი მცდელობა იყო, ზოგისთვის კი კარგი შესაძლებლობა საზოგადოებაში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

კავშირი “მშობელთა ხიდის” წარმომადგენელი: „ჩვენთვის ერთგვარი ექსპერიმენტი იყო, რადგან პირველი გამოფენა იყო. ჩვენი ცენტრის წევრებმა პირველად წარმოადგინეს გაკეთებული ნივთები, სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია ნაკეთობების, ორგანიზაციის მუშაობის შესახებ”.

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი “კამარას” წარმომადგენელი: „ჩვენს ცენტრში ჩართულმა პირებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ამ ღონისძიებას, ეს მათთვის პირველი გამოსვლა იყო საზოგადოების წინაშე და ეს საღამო ნამდვილად ღირდა იმისათვის, რომ მათ საზოგადოებაში გამოჩენის სურვილი მომავალშიც გაუჩნდეთ”.