2012 წლის 7 თებერვალს ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში სლოვაკური ორგანიზაციის – პონტის ფონდის თანამშრომლებმა ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გაუზიარეს გამოცდილება კორპორაციული ფილანთროპიისა და კორპორაციული მოხალისეობის საკითხებზე.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება მნიშვნელოვანი საფუძველია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობისა და მათი ეფექტური მუშაობისათვის. დღეისათვის ქართული სამოქალაქო საზოგადოება ძირითადად უცხოელ დონორთა დაფინანსებაზეა დამოკიდებული. დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია და ადგილობრივი რესურსების მობილიზაცია უკვე არასამთავრობო სექტორისათვის დღის წესრიგში დგას.
კორპორაციულ ფილანთროპიასა და მოხალისეობის საკითხებზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება. 7 თებერვლის სემინარზე ქართულო ორგანიზაციები სლოვაკეთის გამოცდილებას გაეცნენ.
სემინარს უძღვებოდნენ პონტის ფონდის კორპორაციული ფილანტროპიის პროგრამის დირექტორი – პაველ ჰრიცა და იმავე ფონდის კორპორაციული მოხალისეობის პროგრამის კოორდინატორი – მონიკა სმოლოვა. პონტის ფონდი, რომელიც დაფუძნდა 1997 წელს, არის დონორთა სლოვაკური ფორუმის, არასამთავრობო ორგანიზაციათა განვითარების პლატფორმის, ევროპის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის, ბიზნეს ლიდერთა საერთაშორისო ფორუმისა და სხვა მრავალი გაერთიანებისა თუ ინიციატივის აქტიური წარმომადგენელი. აღნიშნული ფონდი ხელს უწყობს სლოვაკური საზოგადოების წარმომადგენელებს ერთმანეთთან დაკავშირებას და კერძო პირებისა და მეწარმეთა ფინანსური საშუალებების არსებული საჭიროებების შესაბამისად გადანაწილებასა და წარმართვას.
პონტის ფონდის კორპორაციული ფილანტროპიის პროგრამის დირექტორის, პაველ ჰრიცას თქმით, რომელიც სლოვაკეთში ეხმარება კომპანიებს ფილანთროპული საქმიანობისათვის სტრატეგიის მომზადებაში, გააკეთა პრეზენტაცია კორპორაციული ფილანთროპიის შესახებ – რა არის კორპორაციული საქმიანობა, ფილანტროპია და სოციალური პასუხისმგებლობა. განხილულ იქნა თემასთან მიმართებაში საკანონმდებლო და საგადასახადო რეგულირებანი, კომპანიებთან ერთიერთობა და მოლაპარაკებების წარმოება, კომპანიების დაინტერესება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით, დაფინანსების მიღების გზები და საშუალებები. აღინიშნა, რომ კომპანიებს შეუძლიათ ასევე დახმარების სახით გამოყონ როგორც თავიანთი, ასევე თანამშრომლების დრო (დაეხმარონ სამოქალაქო საზოგადოებას კვალიფიციური კონსულტაციებით), მატერიალური საშულებები და ამ სახით უფრო ხშირად ეხმარებიან არასამთავრობო სექტორს, ვიდრე თანხებით. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან თანხის მოთხოვნის ფაქტები უფრო ხშირია, ვიდრე სხვა სახის დახმარებების.
ქალბატონმა სმოლოვამ ისაუბრა კორპორაციული მოხალისეობის საკითხებზე, განხილულ იქნა ამ მიმართულებით კომპანიების დაინტერესების, გააქტიურებისა და ჩართულობის კონკრეტული მაგალითები, სლოვაკეთში მოხალისეობის არსებული ვებ-გვერდი.
სემინარი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. წამყვანებმა მოისმინეს სემინარში მონაწილე 30-მდე ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მოლოდინები და ინტერესები. ასევე, სემინარზე განიხილულ იქნა აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში საქართველოში არსებული მდგომარეობა და შეაფასდა სლოვაკეთთან მსგავება-განსხვავების მაგალითები.
სლოვაკი ექსპერტები საქართველოს სტუმრობდნენ პროექტის ფარგლებში – “აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილების გაზიარება სოციალურ მეწარმეობასა და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაში”, რომელსაც აფინანსებს “აღმოსავლეთ-აღმოსავლეთი: პარტნიორობა საზღვრების გარეშე” ქსელური პროგრამა. პროექტის ფარგლებში სლოვაკი ექსპერტები დაეხმარებიან ქართველ სპეციალისტებს ქვეყანაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავებაში, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მეწარმეთა მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტების ეფექტურად ათვისებას, სამეწარმეო და არასამეწარმეო სექტორების დაკავშირებას და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციათა მდგრადობას.