წყარო: ვებგვერდი “ეს შენ გეხება”
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხვალ, 21 ივნისს 15:00 საათზე, კომიტეტის სხდომას ჩაატარებს, სადაც ერთერთ საკითხად განხილული იქნება არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ” კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ზ. ქორიძე, მ. პოპიაშვილი, ე. გიგაური, ი. მელაშვილი, ლ. ტუღუში, გ.ხუციშვილი და სხვა) რეგისტრაციის საკითხი.
კამპანიის – “ეს შენ გეხება” მონაწილე ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს კანონმდებლობაში ე.წ. must carry-სა და must offer-ის პრინციპის ასახვის მიზნით, 30 000 ხელმოწერის შეგროვების მოთხოვნით პარასკევს, 15 ივნისს მიმართეს. პროცედურის თანახმად, საქართველოს პარლამენტის ბიურომ საკითხის განხილვა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უნდა დაავალოს. შესაბამისად, კომიტეტი გადაწყვეტს, მისცემს თუ არა ნებართვას საინიციატივო ჯგუფს 30 000 ხელმოწერით საკანონმდებლო ინიციატივის შეტანასთან დაკავშირებით.
თუ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დააკმაყოფილებს საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას, კამპანიის – “ეს შენ გეხება” მონაწილეები 30 000 ხელმოწერის შეგროვებას საქართველოს მასშტაბით უახლოესი დღეებიდან დაიწყებენ.