წინასაარჩევნო პროცესების ანალიზი- ახალი ანგარიში გამოქვეყნდა

12.09.2012

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოსა” და აშშ-ს  საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გამოაქვეყნა ახალი ანგარიში სახელწოდებით „წინასაარჩევნო პროცესების ანალიზი”. ანგარიშში შეფასებულია 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლის აგვისტომდე საქართველოში წინასაარჩევნო გარემო. ანალიზის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ტენდენციები:

 

  • სამართლებრივი რესურსების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებით გამოყენება – მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ცვლილებები კანომდებლობაში პოზიტიურად უნდა შეფასდეს, მმართველი პარტიის მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა ისეთი საკანონმდებლო ცვლილების ინიცირებას, რაც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მათ ინტერესს ემსახურებოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია საარჩევნო კოდექსისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში რიგი რეგულაციების შემოღება;
  • კანონის დარღვევისთვის დადგენილი სანქციების არაპროპორციულობა – განსაკუთრებული ყურადღების ღირსია პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონით დადგენილი არაპროპორციული სანქციები, რომლებსაც რიგ შემთხვევებში ოპოზიციური პარტიების საქმიანობის პარალიზება შეეძლო;
  • კანონის აღსრულების პრობლემა და შერჩევით სამართალწარმოება – ეს ძირითადად გამოიხატებოდა იმაში, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან შერჩევითად ხდებოდა რეაგირება მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიერ ჩადენილ გარკვეულ ქმედებებზე. მაგალითად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ზედაპირული რეაგირება ჰქონდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველების მიმართ მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება” დაჯარიმდა განუხორციელებელი შემოწირულების გამო. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კერძო კომპანიების გარკვეული ქონება კანონთან შეუსაბამოდ იქნა დაყადაღებული („გლობალ ტვ”, „მაესტრო”);
  • პარტიების შესახებ ინფორმაციის არასათანადო გავრცელება – ხშირი იყო შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან სხვადასხვა პარტიების შესახებ გარკვეული ინფორმაციის, მათ შორის, ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნების არაერთგვაროვნება;
  • პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებები – 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის აგვისტომდე სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნის 45 ფაქტი იქნა გამოვლენილი. ამ მხრივ ბევრი შემთხვევა საგანმანათლებლო დაწესებულებებს უკავშირდება. ამ ტიპის სამსახურებიდან ადამიანების დათხოვნის ფაქტები განსაკუთრებით ხშირი იყო 2012 წლის ზამთარში და გაზაფხულზე. ზაფხულიდან ასეთი შემთხვევები საგრძნობლად შემცირდა. პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება ხდებოდა არა მხოლოდ საჯარო სამსახურში, არამედ კერძო სექტორშიც;
  • ოპოზიციური პარტიების აქტივისტების დაშინება – სავარაუდოდ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანების დაშინების ბევრი ფაქტი გამოვლინდა. ხდებოდა, კერძოდ, მუქარა და ე. წ. „მეგობრული” რჩევების მიცემა, რომ ამ ადამიანებს შეეწყვიტათ პოლიტიკური საქმიანობა. (12 ფაქტი);
  • ოპოზიციის მომხრეების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორება – განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და საქმიანობის გამო ადამიანებს არა მხოლოდ ემუქრებოდნენ, არამედ ხშირად ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. საანგარიშო პერიოდში 5 ასეთი ფაქტი გამოვლინდა;
  • პოლიტიკური ნიშნით დაკავება/დაპატიმრება – საანგარიშო პერიოდში ხშირად ხდებოდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების, მხარდამჭერების და მათი ახლობლების დაკავებისა და დაპატიმრების ფაქტები. (11 ფაქტი);
  • პარტიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა – სიტყვიერი და ფიზიკური ზეწოლის გამოყენებით პოლიტიკური პარტიებისთვის ამომრჩევლებთან შეხვედრებსა და სხვა საქმიანობაში ხელის შეშლა ასევე ერთ-ერთი გავრცელებული დარღვევა იყო. განსაკუთრებით ხშირი იყო კოალიცია „ქართული ოცნების” წარმომადგენელთა რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებთან შეხვედრებისას პრობლემების წარმოქმნის ფაქტები. უმრავლეს შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ, პროვოკაციებისა და ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩაეშალათ კოალიციის შეხვედრები, რასაც უმეტესად ფიზიკური დაპირისპირებაც მოსდევდა. ამ მხრივ გამორჩეული იყო 2012 წლის ივნისი და ივლისი;
  • ბიზნესზე ზეწოლა – პოლიტიკური ნიშნით პარტიების წევრებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლა მათი ბიზნესის შევიწროების ხარჯზედაც ხდებოდა. (5 ფაქტი);
  • სახელმწიფოს ინსტიტუციური რესურსების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებით გამოყენება – საანგარიშო პერიოდში სახელმწიფოს ინსტიტუციური რესურსები (საჯარო მოხელეები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა) მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხშირად გამოიყენებოდა. კერძოდ, ადგილი ჰქონდა საჯარო მოხელეებზე კანონშეუსაბამო პარტიული დავალებების გაცემას,. მოქალაქეთა პერსონალური ინფორმაციის გაურკვეველი მიზნებით შეგროვებას,.დიპლომატიური სამსახურის პოლიტიზებას და სოციალური რეკლამების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას;
  • ამომრჩევლის მოსყიდვა – საანგარიშო პერიოდში ხშირი იყო ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნების შემცველი ქმედებების განხორციელება, როგორც ოპოზიციური ასევე მმართველი პარტიის მხრიდან.

 

პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში” ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” წინასაარჩევნოდ კიდევ ორ კვლევას გამოაქვეყნებს.

 

ნახეთ ანგარიში ან გადადით საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ვებგვერდზე.