ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარადაჭერით კოალიციის – “არჩევნის თავისუფლებისთვის” წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელ ექსპერტთა საინიციატივო ჯგუფმა შეისწავლეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (კონტროლის პალატის) პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობა სამსახურის შექმნიდან 2012 წლის აგვისტოს ჩათვლით.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები:
1. პოლიტიკურ და საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ევროპის საჯარო აუდიტის სამსახურების ორგანიზაციის (EUROSAI) წევრი 49 ქვეყნიდან არც ერთი ქვეყნის უმაღლეს აუდიტორულ სამსახურს (მათ შორის, არც საქართველოს უმაღლესი აუდიტის სამსახურის პარტნიორ შვედეთის, ლიტვის და ლატვიის სამსახურებს), არ აქვს ისეთი კომპეტენცია, როგორიც საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს;
2. EUROSAI-ს წევრი სახელმწიფო აუდიტის ინსტიტუციებიდან პოლიტიკური პარტიების საქმიანობაზე მონიტორინგის განსხვავებული ფუნქციები მხოლოდ ბულგარეთის, პოლონეთის, ესპანეთისა და ფინეთის აუდიტის სამსახურებს აქვთ. ყველა შემთხვევაში აუდიტის სამსახურების კომპეტენცია მკაცრად შეზღუდულია კანონით. ამასთან, გადაწყვეტილების მიღება ხდება სხვა ადმინისტრაციული თუ სასამართლო დაწესებულებათა თანამონაწილეობით;
3. ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფის (GRECO) 2011 წლის შეფასების ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები და ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის 2012 წლის 29 ივნისის ანგარიში მიუთითებს, რომ უმთავრესი საკითხი პარტიების ფინანსების ობიექტური, დამოუკიდებელი და პოლიტიკურად ნეიტრალური მექანიზმების შემუშავება და დამკვიდრებაა;
4. ნიშანდობლივია, რომ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო მონიტორინგის მისია უდიტის სამსახურთან მიმართებით პრობლემურად მიიჩნევდა აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკითხს, ხედავდა საფრთხეებს და პირდაპირ აცხადებდა: “გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი იმის უზრუნველყოფით, რომ არც თავმჯდომარე, არც მოადგილეები და არც თანამშრომლები არ წარმართავენ საქმიანობას პოლიტიკური თანამდებობის დასაკავებლად ან არ იქნებიან ჩართული პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობებში“. აღნიშნულის საპირისპიროდ, როგორც აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, ისე მისი მოადგილე წარდგენილი იყვნენ დეპუტატობის კანდიდატებად, თანაც არა სხვადასხვა ან ოპოზიციური, არამედ ერთი – სახელისუფლო პარტიის მიერ;
5. საქართველოს კონტროლის პალატის (შემდგომში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ იურიდიული პირების საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები არაერთ შემთხვევაში მნიშვნელოვნად გასცდა საქართველოს კანონმდებლობით კონტროლის პალატისთვის განსაზღვულ მანდატს და ცალკეული ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების მიზანმიმართული სამართლებრივი დევნისა და დაუსაბუთებელი ფინანსური სანქცირების სახე მიიღო;
6. ცალკეული იურიდიული პირების წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა მაშინ, როდესაც ამ იურიდიული პირის ან მისი ხელმძღვანელობის მიერ გაკეთდა ზეპირი განცხადებები სხვა არაპოლიტიკური ორგანიზაციებისადმი სოლიდარობისა და მათი მორალური მხარდაჭერის შესახებ. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ იურიდიული პირების სამართლებრივი და ფინანსური პარალიზება ხდებოდა მათი საქმიანობის საწყის ეტაპზევე (ორგანიზაციის შექმნის შესახებ საჯარო განცხადების გაკეთებისთანავე), როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული, რომ მათ ჰქონდათ მკაფიოდ გაცხადებული საარჩევნო მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად იყენებდნენ ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს;
7. იურიდიული პირების ნაწილის დაყადაღება მოხდა იმ ეტაპზე, როდესაც მათ არათუ ჯერ არ ჰქოდათ გახორციელებული შემოწირულობა, არამედ საბანკო ანგარიშებზე საერთოდ არ აღენიშნებოდათ სახსრების ბრუნვა;
8. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ კონტროლის პალატამ სხვა და სხვა სუბიექტებზე კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები გაავრცელა იმ პირობებში, როდესაც თვითონ არ ჰქონდა შესრულებული კანონის მოთხოვნა – შეზღუდვების გავრცელების შესახებ გამოეცა შესაბამისი აქტი;
9. ცალკეულ შემთხვევებში ლოგიკას ნაკლებად ექვემდებარებოდა კონტროლის პალატის მიერ სანქცირებული სუბიექტებისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის პრაქტიკა. ამის ნათელი დასტურია „ელიტა ბურჯის” შემთხვევა, სადაც იურიდიული პირის დაჯარიმება მოხდა პოლიტიკური სუბიექტისთვის გაწეული პოლიგრაფიული სერვისის გამო, ჯარმის თანხა კი დადგინდა არა გაწეული სერვისის რეალური ღირებულებიდან, არამედ ტიპოგრაფიული ბეჭდვის აპარატის ღირებულებიდან გამომდინარე, რაზეც შესრულდა შეკვეთა.;
10. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ კონტროლის პალატის მიერ იურიდიულ პირებთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილებები, ძალიან ბევრ შემთხვევაში, ყოველგვარი დეტალური განხილვისა და სანქცირებული იურიდიული პირების არგუმენტაციის გათვალისწინების გარეშე, გახდა სხვა და სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ იურიდიული პირების მიმართ გახორციელებული მათი საქმიანობის შემზღუდავი არაერთი ქმედების საფუძველი;
11. საქართველოს კონტროლის პალატის 2012 წლის 7 ივნისს გაფორმებული #000036 სამართალდარღვევის ოქმი გახდა საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოს მიერ გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის საფუძველი. აღნიშნული ოქმის თანახმად, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანუნლი კანონის 252-ე მუხლის დარღვევისათვის ბიძინა ივანიშვილი სამართალდამრღვევად იქნა მიჩნეული. კერძოდ, კონტროლის პალატის ლოგიკით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის მოთხოვნების თავიდან არიდების მიზნით, საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, პოლიტიკური პარტიის – „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”-ს მხარდასაჭერად 12 410 252.89 ლარის უკანონო შემოწირულობის გახორციელებაში. ეს გამოიხატა საკუთარი მატერიალური სახსრებით მოსახლეობისათვის კომპანია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” ტელემაუწყებლობისათვის განკუთვნილი ტექნიკური საშაულებებისა და მომსახურების უსასყიდლოდ გადაცემაში. კონტროლის პალატის პოზიცია საბოლოოდ გამყარდა სასამართლოს 2012 წლის 11 ივნისის დადგენილებით, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯარიმის სახით დაეკისრა 126 220 190 ლარი;
12. ხსენებული გადაწყვეტილების „ლოგიკური” გარგძელება და „საქმის ბოლომდე მიყვანა” იყო შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგისა” და შპს „მაესტროს” კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული 2012 წლის 21 ივნისის, 11 და 14 ივლისის ბრძანებები. სამივე საქმის ერთობლივად შესწავლა და შეჯერება სრულიად ნათელს ხდის კონტროლის პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად უკანონო გადაწყვეტილებების მიღების უპრეცენდენტო ფაქტს, რაც განსაკუთრებით უარყოფითად აისახა ქვეყანაში არსებულ გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობაზე;
13. ფიზიკური პირების დაჯარიმებისას კონტროლის პალატის (აუდიტის სამსახურის) საქმიანობაში გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა:
ა) არათანაბარი მიდგომები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” შემომწირველთა ფინანსების წარმომავლობის მოკვლევისას (მაგ: ბანკ “ქართუს” თანამშრომელთა დაჯარიმებისა და “ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველთა საქმეები);
ბ) არასაკმარისი მტკიცებულებები პარტიების შემომწირველთა დაჯარიმებისას (ბიძინა გიორგობიანის საქმე);
გ) საქართველოს კანონმდებლობით ამ ორგანოსათვის მინიჭებული უფლებამოსილებების გადამეტება (კახი კალაძის საქმე);
დ) ოპოზიციური პარტიების შემომწირველთა მიერ მათი შემოსავლების წარმომავლობაზე დოკუმენტურად დასაბუთებული არგუმენეტების აშკარა უგულვებელყოფა (მაგ: ბანკ “ქართუს” თანამშრომელთა დაჯარიმების საქმე);
ე) კანონით მინიჭებული ვალდებულებების შეუსრულებლობა მმართველი პარტიის შემომწირველთა შემოსავლების შესწავლისას.
14. პოლიტიკური პარტიების დაჯარიმების საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ ხშირ შემთხვევაში კონტროლის პალატა (აუდიტის სამსახური), ფაქტობრივად, რეაგირების გარეშე ტოვებდა მმართველი პარტიის შეხვედრებზე მოსახლეობისთვის უფასო მომსახურების გაწევის შესაბამისობას “პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონთან მიმართებით (შეხვედრები რესტორან “კოსმოსში”, “ელიტში”, “მონოპოლსა” და “ტრიუმფში”);
15. შპს “მენეჯმენტ სერვისისგან” მიღებული უკანონო შემოწირულობების მიღების საბაბით აგვისტოს დასაწყისში აუდიტის სამსახურის მიერ კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი ყველა პოლიტიკური სუბიექტის ანგარიშების დაყადაღებამ მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისას კოალიცია “ქართული ოცნების” საქმიანობას. ამ გადაწყვეტილების მოტივაცია მით უფრო საეჭვოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კოალიციის წევრ სამ დაჯარიმებულ სუბიექტს არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა შპს “მენეჯმენტ სერვისთან” არ ჰქონია. ამ სამიდან ერთ-ერთი დაჯარიმებული – პ/გ “ქართული ოცნება” კი, დროის იმ მონაკვეთში, რომლის მონიტორინგსაც კონტროლის პალატა ეწეოდა (2012 წლის იანვარი-აპრილი), საერთოდ დაფუძნებულიც არ ყოფილა.
აუდიტის სამსახურის (კონტროლის პალატის) საქმიანობიდან ზემოთ მოყვანილი ფაქტების ერთობლიობა ეჭვქვეშ აყენებს როგორც ამ ორგანოს მიერ მიღებული მთელი რიგი გადაწყვეტილებების კანონიერებას, ისე მისი საქმიანობის პოლიტიკურ ნეიტრალურობას, მით უმეტეს, რომ ამ უწყების უმაღლესი თანამდებობის ორმა პირმა – ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა და მისმა ყოფილმა მოადგილემ, თინათინ ბოკუჩავამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის სიით იყარეს კენჭი. შესაბამისად, აღნიშნულ დოკუმენტი გაეგზავნება საქართველოს პარლამენტს და მთავარ პროკურატურას ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობაში აღმოჩენილ დარღვევებზე შემდგომი რეაგირებისათვის.
ნახეთ ანგარიში სრულად.