პალიატიური მზრუნველობის მსოფლიო დღე აღინიშნა

13.10.2012

 

13 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში პალიატიური მზრუნველობის და ჰოსპისის საერთაშორისო დღე აღინიშნება. სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველო წელს მესამედ ჩაერთო ამ საერთაშორისო ინიციატივაში. 2012 წელს ამ დღის დევიზია „ცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე: პალიატიური მზრუნველობა ხანდაზმულთათვის”.

ამ დღის აღსანიშნავად ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში გაიმართა ფოტოგამოფენა “ცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე”. წარმოდგენილი იყო ცნობილი ადამიანების ახალგაზრდობის და ხანდაზმული ასაკის ფოტოები.

ჟურნალისტმა გიორგი ნიორაძემ წარმოადგინა დოკუმენტური ფილმი “დები”, რომელიც მოგვითხრობს ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებულ მოწყალების სახლზე.

ნახეთ ფილმი:

 

 

                                                                                                                      ###

რა არის პალიატიური მზრუნველობა?

პალიატიური მზრუნველობა მრავალპროფილური მზრუნველობაა, რომლის უპირველესი ამოცანაა განუკურნებელი სენით დაავადებული პირებისათვის ტკივილის მოხსნა, მათი სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება და სულიერი თანადგომის გაწევა. ჰოსპისები კი ის დაწესებულებებია, სადაც ამ ადამიანებს ცხოვრების უკანასკნელი დღეებში, როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ თანადგომას უწევენ. ასეთი დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება შიდსი, ავთვისებიანი სიმსივნე IV სტადიაში, ალცჰეიმერის, პარკინსონის, გულ-სისხლძარღვთა და ნევროლოგიური დაავადებები… ეს ადამიანები პალიატიური პაციენტები არიან, რომელთა მიმართაც მედიცინას მხოლოდ მდგომარეობის შემსუბუქების მიზანი დარჩენია და რომელთაც პალიატიური მზრუნველობა ესაჭიროებათ.
დღესდღეობით თბილისში ორი ჰოსპისი ფუნქციონირებს. ერთი- ონკოპრევენციის ცენტრის ბაზაზე, მეორე კი-ფერისცვალების დედათა მონასტერში.

პალიატიური მზრუნველობის დანერგვას საქართველოში პირველად 1999 წელს ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” და ღია საზოგადოების ინსტიტუტმა დაუჭირეს მხარი. ფონდის ხელშეწყობით და პირველი ლედის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელდა პალიატიური მზრუნველობის, როგორც სისტემის საფუძვლების შექმნა და პრაქტიკულად ამოქმედდა მედიცინის ეს მიმართულება. ინტენსიური მუშაობისა და ადვოკატირების შედეგად, 2007 წელს პალიატიურ მზრუნველობას მიეცა სამართლებრივი სახე, როგორც ცალკე დარგს და ცვლილებების სახით შევიდა კანონში “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”.

პალიატიური მზრუნველობის განვითარებას საქართველოში ხელს უწყობს პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაცია, დიმიტრი კორძაიას ხელმძღვანელობით. ეს ასოციაცია ფოკუსირებულია შიდსით დაავადებულ პაციენტებზე. გარდა ჰოსპისებისა, არსებობს ბინაზე მოვლის სამსახურებიც, რის შედეგადაც წელიწადში 6 ათას პაციენტზე მზრუნველობა ხერხდება.