შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის უნიკალური ვებგვერდი იხსნება

15.10.2012

 

ვებგვერდის და სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია შერატონ მეტეხი პალასში

საქართველოში ათასობით  ეტლით მოსარგებლეა

ხშირად, თავად ეტლით მოსარგებლეებსაც კი ნაკლებად აქვთ ინფორმაცია საკუთარი პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ

დღეს ქალაქში ეტლით მოსარგებლეს დამოუკიდებლად ვერ ნახავთ, რადგან მათთვის მიუწვდომელია ტრანსპორტი, შენობა-ნაგებობები

დღეს, ეტლით მოსარგებლე ადამიანები იზოლირებულნი არიან

18 ოქტომბერს, 12 საათზე, „შერატონ მეტეხი პალასში”  მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის”  ვებგვერდის (WWW.ERTAD.ORG) და  სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაციას გამართავს. იმავე დღეს დაიწყება  პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომი გახდეს ეტლით მოსარგებლე მოქალაქეებისთვის.

ახალი ინტერნეტპორტალი უნიკალური რესურსია მათთვის, ვისაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ.  ვებგვერდის მეშვეობით მოხდება ხერხემლის დაზიანების  და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და გამოცდილების გაცვლა. ასევე თავმოყრილი იქნება ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  უფლებებზე, არსებულ კანონმდებლობაზე და ხელმისაწვდომ მომსახურებაზე.

ვებგვერდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ასევე შესთავაზებს  პრაქტიკულ ინფორმაციას – ვიდეო ვარჯიშებს, დამოუკიდებლად გადაადგილების, ადაპტირებული ტრანსპორტით, პანდუსით და სხვა სერვისებით სარგებლობის  წესებს.

ინტერნეტპორტალი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ახლად ტრავმირებული ადამიანებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის, ისინი ნახავენ ინფორმაციული ხასიათის ინტერვიუებს – მოისმენენ, თუ რა გზა განვლეს მსგავსი პრობლემების მქონე სხვა ადამიანებმა, როგორი იყო პირველი დღე ტრავმის შემდეგ ჰოსპიტალში, როგორ  გადალახეს პრობლემები და დაიწყეს ახალი ცხოვრება. 

„ამ ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია დაეხმარება ადამიანებს იმ ფაქტის გააზრებასა და მიღებაში, რომ მათთვის აუცილებელია აქტიური ცხოვრების გაგრძელება.  ჩვენი მიზანია, ყველას დავეხმაროთ საკუთარი მისიის გააზრებაში.  ტრამვის შემდეგ სრულიად შეიცვალა ჩემი აზროვნებაც. თავიდან  ძალიან გამიჭირდა იმის მიღება,  რომ ვეღარ გავივლიდი…”-ამბობს გიორგი ახმეტელი,  „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” ხელმძღვანელი. -„დღეს, ვაქტიურობთ მცირე ჯგუფი.  გვინდა გავააქტიუროთ და სახლიდან გამოვიყვანოთ ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საზოგადოება მათ არ მიიღებს. ჩვენ დიდი ძალა ვართ და ერთად ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია.”- ამბობს იგი.  

ვებგვერდისა და პეტიციის წარდგენასთან ერთად ნაჩვენები იქნება სოციალური ვიდეორგოლი, რომელიც მოკლედ აღწერს ტრანსპორტისა და შენობების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ფილმი ამერიკულმა  ორგანიზაციამ New Media Advocacy Project-მა მოამზადა.

ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე პირები და საზოგადოებისათვის ცნობადი სახეები.

 

* * *

“მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” წელიწადზე მეტია, რაც არსებობს. ის ხერხემლის დაზიანების მქონე მოქალაქეებს აერთიანებს. მისი მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირება მათთვის საზოგადოებრივ სიკეთეზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრდუნველყოფისათვის. ორგანიზაციის დაფუძნებას ხელი შეუწყო ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველომ”. ორგანიზაციამ პირველი გრანტი სწორედ ფონდისგან მიიღო.

„იმისათვის, რომ რეალური შედეგი მივიღოთ შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით, საზოგადოების ერთიანობასა და ერთსულოვნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.” – ამბობენ ორგანიზაციის წევრები.

 

ნახეთ პირველი ფილმი:

 

საკონტაქტო პირი:

ნინო ბაიდაური

+995 555217669

geo.accessibility@gmail.com

WWW.ERTAD.ORG

 

ანა ტოკლიკიშვილი
+995 595 221 999

Anuka@csf.ge

www.csf.ge