დღეს ხელმოწერების შეგროვება დაიწყო პეტიციისთვის, რომელმაც ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა უნდა გაადვილოს. პეტიციის ინიციატორია მოძრაობა ‘ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის’ , რომელიც ხერხემლის დაზიანების მქონე ადამიანებს აერთიანებს.
ხელმოწერების შეგროვება დილის 9 საათიდან, რუსთაველის მეტროსთან დაიწყო. პროცესი პირდაპირ ეთერში რუსთავი 2-ის მეშვეობით გადაიცემოდა. მოქალაქეები მონაწილეობას იღებდნენ ინტერაქტივშიც, რომლის კითხვა შემდეგი იყო: აუცილებლად უნდა მოერგოს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეტლით მოსარგებლე ადამიანებს?
ხელმოწერების შეგროვება 12 საათზე, შერატონ მეტეხი პალასში გაგრძელდა. შერატონში გამართულ ღონისძიებაზე ორგანიზაციამ ფონდის მხარდაჭერილი ვებგვერდი www.ERTAD.org წარმოადგინა. გაიმართა დოკუმენტური ფილმის და ახალი სოციალური რგოლის პრეზენტაციაც.
‘ამ პრობლემას ჩვენ მარტო ვერ შევცვლით. იმისათვის რომ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა ვებგვერდს დავარქვით ERTAD.org’-ამბობს გიორგი ახმეტელი, მოძრაობის ‘ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის’ წარმომადგენელი.
ახალი ინტერნეტპორტალი www.ERTAD.org უნიკალური რესურსია მათთვის, ვისაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ. ვებგვერდის მეშვეობით მოხდება ხერხემლის დაზიანების და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და გამოცდილების გაცვლა. ასევე თავმოყრილი იქნება ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებზე, არსებულ კანონმდებლობაზე და ხელმისაწვდომ მომსახურებაზე.
ვებგვერდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ასევე შესთავაზებს პრაქტიკულ ინფორმაციას – ვიდეო ვარჯიშებს, დამოუკიდებლად გადაადგილების, ადაპტირებული ტრანსპორტით, პანდუსით და სხვა სერვისებით სარგებლობის წესებს.
ინტერნეტპორტალი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ახლად ტრავმირებული ადამიანებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის, ისინი ნახავენ ინფორმაციული ხასიათის ინტერვიუებს – მოისმენენ, თუ რა გზა განვლეს მსგავსი პრობლემების მქონე სხვა ადამიანებმა, როგორი იყო პირველი დღე ტრავმის შემდეგ ჰოსპიტალში, როგორ გადალახეს პრობლემები და დაიწყეს ახალი ცხოვრება.
„ამ ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია დაეხმარება ადამიანებს იმ ფაქტის გააზრებასა და მიღებაში, რომ მათთვის აუცილებელია აქტიური ცხოვრების გაგრძელება. ჩვენი მიზანია, ყველას დავეხმაროთ საკუთარი მისიის გააზრებაში. ტრამვის შემდეგ სრულიად შეიცვალა ჩემი აზროვნებაც. თავიდან ძალიან გამიჭირდა იმის მიღება, რომ ვეღარ გავივლიდი…”-ამბობს გიორგი ახმეტელი, „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” ხელმძღვანელი. -„დღეს, ვაქტიურობთ მცირე ჯგუფი. გვინდა გავააქტიუროთ და სახლიდან გამოვიყვანოთ ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საზოგადოება მათ არ მიიღებს. ჩვენ დიდი ძალა ვართ და ერთად ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია.”- ამბობს იგი.
ნახეთ სოციალური რგოლი
ნახეთ დოკუმენტური ფილმი
‘დილა მშვიდობისა საქართველო’, რუსთავი 2
ღონისძიების ფოტორეპორტაჟი:
###
“მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის” წელიწადზე მეტია, რაც არსებობს. ის ხერხემლის დაზიანების მქონე მოქალაქეებს აერთიანებს. მისი მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირება მათთვის საზოგადოებრივ სიკეთეზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრდუნველყოფისათვის. ორგანიზაციის დაფუძნებას ხელი შეუწყო ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველომ”. ორგანიზაციამ პირველი გრანტი სწორედ ფონდისგან მიიღო.