10 დეკემბერს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით წარმოადგინა ინფორმაცია ქუთაისის პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებული ფარული ხარჯებისა და დაფინანსების სქემის შესახებ.
მთლიანობაში ქალაქ ქუთაისში პარლამენტისა და მთავრობის სახლის მშენებლობისთვის გადარიცხულია დაახლოებით 347 მილიონი ლარი.
ქუთაისის პარლამენტის მშენებლობის დამკვეთად 2011 წელს განისაზღვრა 100%-ანი სახელმწიფო წილით შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურო”, რომელიც 50 ლარის საწესდებო კაპიტალით შეიქმნა და დღეს მისი კაპიტალი ეკონომიკის სამინისტროს მიერ მისთვის საკუთრებაში გადაცემული სახელმწიფო ქონების ხარჯზე დაახლოებით 190 მილიონ ლარს შეადგენს. სწორედ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გადაცემული სახელმწიფო ქონების რეალიზაციითა და იჯარით იღებდა “სახელმწიფო მომსახურების ბიურო” იმ თანხებს, რასაც შემდგომში წარმართავდა პარლამენტის მშენებლობისათვის.
პარლამენტის სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების მფლობელები კი სახელმწიფო მოხელეები არიან. ერთერთი ასეთი კომპანიაა მაგ.: შპს „მენო ინტერნეიშენალი”. ამ კომპანიის 33 % -იანი წილის მფლობელია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი. ასევე შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი”, რომლის 100%-ანი წილის მფლობელი დასაქმების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ტრაპაიძეა.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული