20 ივნისს სასტუმრო ‘ქორთიარდ მარიოტში’ მიმდინარეობდა პროგრამული დოკუმენტის განხილვა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობას გულისხმობს.
პროგრამული დოკუმენტი ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ დახმარებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებისთვის შეიმუშავეს.
“უკვე რამდენიმე წელია, რაც აქტიურად ვმუშაობთ, რომ ქვეყანაში ხელმისაწვდომი გახდეს C ჰეპატიტის დიაგნოსტირება და მკურნალობა. ეს არის ერთერთი მწვავე პრობლემა, რის წინაშეც დგას ჩვენი მოსახლეობა. ძალიან მაღალია ინფიცირებულობის დონე. მკურნალობის სიძვირის გამო კი ძალიან დაბალია მასზე ხელმისაწვდომობა. დიდი დაბრკოლებაა მედიკამენტების ფასები. ამ ეტაპზე, სამინისტროს ჩარევით მიმდინარეობს მოლაპარაკება ფასების დაწევაზე და იმაზე, რომ პრეპარატი გაიაფდეს არა მარტო მსჯავრდებულებისთვის, არამედ ზოგადი მოსახლეობისთვისაც. “-ამბობს ირმა ხაბაზი, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ საზოგადოებრივი ჯანრმთელობის პროგრამის ხელმძღვანელი.
შეხვედრაზე დოკუმენტი განიხილეს ჯანდაცვის ექსპერტებმა, სამედიცინო წრის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა. საბოლოო პროგრამული დოკუმენტი დისკუსიის შედეგად გათვალისწინებული კომენტარების საფუძველზე ჩამოყალიბდება და მთავრობას და დონორ ორგანიზაციებს დასაფინანსებლად წარედგინება.
აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს, თუ რამდენი მსჯავრდებულის მკურნალობა განხორციელდება წლის განმავლობაში, რა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან პაციენტები და რა ფინანსურ რესურსთან იქნება ამ პროგრამის განხორციელება დაკავშირებული.
სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე: “ეს პროგრამა არ არის დეკლარაციული სახის. ეს არის კონკრეტული პროგრამა, რომელიც შეიმუშავეს მოწინავე სპეციალისტებმა. იგი ინფიცირებისგან დაიცავს ათასობით მსჯავრდებულს, ასეულობით მსჯავრდებულს კი მკურნალობით უზრუნველყოფს. წარმოდგენილ დოკუმენტში დეტალურად არის განსაზღვრული მკურნალობის სქემები, პრევენციული ღონისძიებების სახეები, პაციენტების მკურნალობაში ჩართვის კრიტერიუმები… სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ დღეს ამ პროგრამის წარდგენა. ჩვენ გვინდა, რომ ამ დოკუმენტის განხილვის შედეგად მივაღწიოთ უფრო ფართო კონსენსუსს, ვიდრე გვაქვს დღეს. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში ამ პროგრამის დაწყებას მოჰყვეს ფასის შემცირება მკურნალობის კურსზე არა მარტო დაწესებულების შიგნით, არამედ ზოგადად ქვეყანაში.”
C ჰეპატიტის პრევენცია და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში წლების განმავლობაში მძიმე პრობლემად რჩებოდა, რის გამოც ინფექციის გავრცელების მასშტაბები ზოგიერთი კვლევის მიხედვით სამჯერ და მეტად აღემატება ზოგად მოსახლეობაში არსებულ მაჩვენებელს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს С ჰეპატიტთან დაკავშირებული ოთხი საქმე აქვს წაგებული.
შეხვედრაზე ერთერთი მომხსენებელი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ (მაკა) ჯაში იყო. მისი განცხადებით, 2016 წლისთვის საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა უნივერსალურად ხელმისაწვდომი იქნება.