ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველები ციხეში წამების კადრების გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ კვლევას იწყებენ, რომელიც შეისწავლის წამებისა და არააადამიანული მოპყრობის როლს ქართული მართლმსაჯულების სისტემაში. კვლევის პროცესში, პირდაპირი ინტერვიუების სახით გამოიკითხავენ 1200 მსჯავრდებულს, რომელთაგან 600 ყოფილი პატიმარია.
კვლევის შედეგები 2014 წლის პირველ ნახევარში გამოქვეყნდება და უპასუხებს ძირითად კითხვებს: რა ძირითადი ფაქტორები განაპირობებდა წამებას, რა მიზანი ჰქონდა წამების ფოტო- ვიდეო დოკუმენტირებას, წამების რა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მეთოდები იყო ყველაზე ხშირად გამოყენებული, წამება ხდებოდა გარკვეულ ციხეებში თუ ქვეყნის სრული მასშტაბით, ხდებოდა ეს ციხის ადმინისტრაციის კონკრეტული ჯგუფის ფარგლებში, თუ ეს იყო ოფიციალური პოლიტიკა.
კვლევაში ყურადღება გამახვილდება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განხორციელებულ ცვლილებებზეც, რაც წარსული და არსებული მდგომარეობის შედარების შესაძლობას მოგვცემს.
წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ინიციატივით ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც კვლევის ჩატარების და ყოვლისმომცველი ანგარიშის გამოქვეყნების პასუხისმგებლობა აიღო. სამუშაო ჯგუფი აერთიანებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე ისეთ საერთაშორისო ექსპერტებს, როგორებიც არიან ბარონესა ვივიენ სტერნი, ციხის საერთაშორისო რეფორმის დამაარსებელი და ბრიტანეთის ლორდთა პალატის და პროფესორი ენდრიუ ქოილი, ციხის კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის მრჩეველი სასჯელაღსრულების საკითხებზე. კვლევის მეთოლოდოგია შეიმუშავა და მონაცემებს დაამუშავებს სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტი.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, სამუშაო ჯგუფი მოამზადებს ანგარიშს, სადაც გაანალიზებული იქნება წამების როლი საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში. ანგარიში ასევე მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს სამომავლოდ მსგავსი პრაქტიკის აღმოფხვრის მიმართულებით და ზოგადად, ციხის მართვის საკითხებზე.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან:
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ციხის საერთაშორისო რეფორმა, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი – ემპათია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ახალგაზრდები სამართლიანობისთვის, საზოგადოებრივი დამცველი, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი და გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში.
ფონდის აღნიშნული ინიციატივა ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ შეფასებულ იქნა სამოქალაქო საზოგადოების ერთადერთ ადეკვატურ რეაგირებად სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებზე.
კონფერენციის მომხსენებლები და თემები.
ნახეთ მედია ამ თემაზე:
მაესტრო
იმედი
რუსთავი 2
პირველი არხი