12 ოქტომბერს, პალიატიური მზრუნველობისა და ჰოსპისების მსოფლიო დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებული წლევანდელი დევიზი ‘დავამსხვრიოთ მითები’ გულისხმობს, რომ უნდა გაქარწყლდეს ის წარმოდგენები, რაც პალიატიურ მზრუნველობასთან არის დაკავშირებული. არასწორი ინფორმაცია ჰოსპისისა და პალიატიური მზრუნველობის შესახებ ხელოვნურ ბარიერებს ქმნის, რომ ამ მომსახურებით უფრო მეტმა ადამიანმა ისარგებლოს.
სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველო წელს უკვე მეხუთედ შეუერთდა ამ საერთაშორისო ინიციატივას და ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი ალექსანდროვის ბაღში და ფოტოგამოფენა გალერეა ‘შარდენში’.
2013 წელს პალიატიური მზრუნველობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ახალგაზრდების ორგანიზებული იყო. კონცერტში მონაწილეობდნენ საქართველოს ვარსკვლავის კონკურსის გამარჯვებული ნინა სუბლატი, ასევე ვარსკვლავების აკადემიის კონკურსანტები ელენე კალანდაძე და სოფო ტოროშელიძე ბენდით ElDRINE.
პალიატიური მზრუნველობის შესახებ
პალიატიური მზრუნველობის მიზანია იმ პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება. პალიატიური მზრუნველობა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, როგორიც არის განუკურნებელი სენით დაავადებული ადამიანებისთვის ტკივილის მოხსნა, მათი სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება, სულიერი თანადგომა.
ასეთი პაციენტები პალიატიური მზრუნველობის სერვისს იღებენ სპეციალურ დაწესებულებაში, ე.წ ჰოსპისში. დღესდღეობით, თბილისში ორი ჰოსპისი ფუნქციონირებს, ერთი- ონკოპრევენციის ცენტრის ბაზაზე, მეორე კი-ფერისცვალების დედათა მონასტერში. არსებობს შინ მოვლის სამსახურებიც.
საქართველოში ჰოსპისის მომსახურება ათასობით ადამიანს ესაჭიროება, მაგრამ ჰოსპისებში არსებული საწოლების მწირი რაოდენობა, დაფინანსება და საკადრო რესურსი დაავადებულთა მზარდ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
დღესდღეობით, საქართველოში არ არსებობს ბავშვთა ჰოსპისი. 10 ოქტომბერს, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, პალიატიური მზრუნველობა წელიწადში ესაჭიროება 0-15 წლამდე ასაკის 839 ბავშვს.
ნახეთ ვიდეო:
ნახეთ ვიდეორგოლი თბილისში არსებული ჰოსპისების შესახებ