საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და ფონდმა ‘ღია საზოგადოება-საქართველომ’ თვითმმართველობის კოდექსი ექსპერტებს წარუდგინეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ მინისტრი დავით ნარვანია, მისი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მელაშვილი, თვითმმართველობის რეფორმაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.
თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს მთავრობამ ბოლო სხდომაზე – 30 ოქტომბერს დაამტკიცა და ის განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინა. ახალი კოდექსი სრულად ცვლის თვითმმართველობათა დღეს არსებულ სისტემას და გვთავაზობს ევროპული ტიპის, საზოგადოებაზე ორიენტირებულ თვითმმართველობის ფორმას.
კოდექსის თანახმად, გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და ნაცვლად დღეს არსებული ხუთი თვითმმართველი ქალაქისა, ეს სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებსაც, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 ათასზე მეტია. თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც შეიქმნება მუნიციპალიტეტები. თვითმმართველი ერთეულების (ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების) მმართველი რგოლები იქნება არჩევითი.
კოდექსის თანახმად, გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად, შეიქმნება კოლეგიალური ორგანო, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან საკრებულოს წევრები. ეს ორგანო ჩართული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
რეფორმის შედეგად, მოხდება ქვეყნის მასშტაბით ქალაქებისა და სოფლების სწორი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება; ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მეტად დაუახლოვდება საკუთარ მოსახლეობას, რაც გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობის დონეს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში; გაუმჯობესდება საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდების ხარისხი; ადგილებზე სასიცოცხლო ინტერესების გადაწყვეტა გაზრდის საზოგადოების პასუხისმგებლობას.
კოდექსის პროექტის სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ აქ.
თვითმმართველობის რეფორმაზე მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.tvitmartvelobisdroa.ge.