შეხვედრა ზალცბურგის სამედიცინო სემინარების მონაწილე ექიმებთან

05.12.2013

4 დეკემბერს სასტუმრო „ბეტსიში” ზალცბურგის 2012-2013 წლის სამედიცინო სემინარების  მონაწილე ექიმებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სხვადასხვა პროფილის 40-მდე ექიმი ესწრებოდა.

სემინარების კოორდინატორი ნატო ფიცხელაური მონაწილეებს ახალი სამეცნიერო სტიპენდიების შესახებ ესაუბრა და გააცნო თუ როგორ უნდა შეავსონ აპლიკაცია და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ახალ პროგრამაში მონაწილეობისთვის.

შეხვედრის დასასრულს გაიამრთა დისკუსია, სადაც ექიმებმა ზალცბურგში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ სემინარში მონაწილეობა საინტერესო და სასარგებლო იყო, რადგან გაეცნენ მედიცინის ახალ მიმართულებებს, თანამედროვე პროტოკოლებს, საავადმყოფოების მენეჯმენტს,  ახალ მიდგომებს მედიცინის სხვადასხვა დარგში და დაამყარეს კონტაქტები სფეროს წარმომადგენლებთან.

დისკუსიის დროს ასევე იმსჯელეს რეკომენდაციების შესახებ, თუ როგორ შეიძლება სემინარების გაუმჯობესება და რას უნდა მიექცეს ყურადღება. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლების პრობლემა დგას და ზალცბურგის სემინარების დახმარებით მათ საშუალება აქვთ გაიღრმაონ ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ კოლეგებს.

ზალცბურგის სამედიცინო სემინარები ამერიკულ-ავსტრიული ფონდის ინიციატივაა, რომელსაც ,,ღია სამედიცინო ინსტიტუტი” მსოფლიოს 109 ქვეყანასა და რეგიონში მართავს. პროგრამის მისიაა გააუმჯობესოს ჯანდაცვის სფერო განვითარებად ქვეყნებში, მსოფლიოს მასშტაბით შექმნას ალიანსი ექიმებს შორის და ამ გზით ხელი შეუწყოს სამედიცინო პერსონალის უწყვეტ განათლებასა და პროფესიულ ზრდას.

საქართველოში ზალცბურგის სასწავლო პროგრამა 1993 წლიდან მოქმედებს და  მასში ყოველწლიურად 30-მდე ექიმია ჩართული. პროგრამაში მონაწილეობა უფასოა და წარმოადგენს სამსაფეხურიან საგანმანათლებლო ციკლს: ცოდნის გადაცემა (სემინარები) – გამოცდილებების გაცვლა (ინტერნშიფი) – დისტანციური სწავლება (ღია სამედიცინო კლუბები, ელექტრონული ბიბლიოთეკა, ელექტრონული მასალა, სატელიტური სიმპოზიუმები).


2014
 წლის სამედიცინო სემინარების კონკურსის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფონდის საიტზე მიმდინარე კონკურსებში