9 იანვარს დაავადებათა კონტროლის ცენტრში C ჰეპატიტიის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა.
ბრიფინგს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მისი მოადგილე მარიამ ჯაში, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, მისი მოადგილე არჩილ თალაკვაძე, სახელმწიფო კანცელარიის წარმომადგენელი ირაკლი ქარსელაძე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ჯანდაცვის ექსპერტები ესწრებოდნენ.
ბრიფინგზე წარდგენილ იქნა ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვით C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტზე დაფიქსირებული ფასის შესახებ.
კერძოდ აღნიშინა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო 1000 პატიმრისთვის პეგილირებულ ინტერფერონს 158.67 ლარად შეიძენს, რაც საქართველოს ბაზარზე აღნიშნული მედიკამენტის დაფიქსირებულ ფასზე 60%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ შეღავათიანი ფასი გავრცელდება სამოქალაქო სექტორის 10 000 პაციენტზე, რომელთაც 1-ლი ივლისიდან საშუალება ექნებათ აღნიშნული მედიკამენტი 92.88 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში შეიძინონ. პაციენტების რეგისტრაცია 1-ლი თებერვლიდან დაიწყება.
ინფორმაცია ბენეფიციართა რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის, შესყიდვის ვადებისა და ადგილის შესახებ ხელმისაწვდომი უახლოს მომავალში გახდება .
ბრიფინგზე ასევე ისაუბრეს სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ C ჰეპატიტის დიაგნოსტირების, მკურნალობის და პრევენციის პროგრამის დაწყების შესახებ. კერძოდ მინისტრ სოზარ სუბარის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პატიმართა სკრინინგი, ხოლო მკურნალობა პირველი მარტიდან დაიწყება. პროგრამის ფარგლებში C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი 1 000 პატიმარს უფასოდ მიეწოდება, 5 000 პატიმარი აიცრება B ჰეპატიტზე, ხოლო 12 000 პატიმარს ჩაუტარდება გამოკვლევა.
ბრიფიგზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ C ჰეპატიტის პროგრამა არის სახელმწიფოსა და სამოქალაქო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგი, რაც არა მხოლოდ პროგრამული დოკუმენტის მომზადებაში, არამედ მისი იმპლემენტაციის და ფასის შემცირებაშიც აისახა.
მარი ჩოხელი, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს” ზიანის შემცირების მიმართულების კოორდინატორი ამბობს, რომ მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, კიდევ მრავალი პრობლემური საკითხია გადასაჭრელი, რათა თითოეული მოქალაქისთვის მკურნალობა უახლოეს მომავალში გახდეს ხელმისაწვდომი.
ფონდი მომავალშიც აქტიურად იმუშავებს დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ფასის შემცირების, არსებული პროგრამის მონიტორინგის, და მისი შემდგომი დახვეწის, ასევე სხვა მიმართულებებით.
მედია ღონისძიების შესახებ…
ახალი წლიდან საქართველოში მსოფლიოში ყველაზე დაბალი ფასი ეგვიპტის შემდეგ – ჟურნალი ტაბულა, ავტორი: ანუკა გოგოსაშვილი, 08.01.2014
ტელეკომპანია „მაესტრო”, ახალი ამბები 21 საათზე, 09.01.14
ტელეკომოპანია „მაესტრო 24″, ახალი ამბები 15 საათზე, 09.01.14