13 თებერვალს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” ფონდმა “ღია საზოგადოება საქართველომ” და იუსტიციის სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის ახალი კანონის შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართეს.
დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს ინფორმაციის თავისუფლების კანონპროექტზე მუშაობის პროცესი, იმსჯელეს ახალი კანონის კონცეფციაზე და ისაუბრეს სამოქმედო გეგმების შესახებ.
მოწვეულმა ექსპერტებმა წარმოადგინეს ის ხარვეზები, რომელიც თანამედროვე კანონმდებლობაში არის. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი ნორმები სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებშია გაბნეული, რაც, მათი აღსრულების თვალსაზრისით, გარკვეულ სირთულეებს ქმნის.
სპეციალური კანონის მიღება საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას, საჯარო ინფორმაციის მარეგულირებელი ნორმების ერთ ნორმატიულ აქტში თავმოყრას ითვალისწინებს, რაც ხელისუფლების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს და ხაზს გაუსვამს მთავრობის ღიაობისა და საჯარო მმართველობის პოლიტიკას.
როგორც ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა აღნიშნა, დღეს კანონმდებლობაში არის ხარვეზები და არასაკმარისად განმარტებული ნორმები, რაც ხელს უშლის მოქალაქეებს სრულყოფილად მიიღოს საჯარო ინფორმაცია. ამიტომაც საჭიროა ახალი აქტი, რომელზე სამუშაოდაც მზადაა იუსტიციის სამინისტრო და არასამთავრობო სექტორი და ეს შეიძლება გადაიქცეს ძალიან საინტერესო პროცესად.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის თქმით, საქართველოს მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების კუთხით, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ბევრი ხარვეზი, რაზე სამსჯელოდაც შევიკრიბეთ დღეს და ამ მრგვალი მაგიდის მიზანი სამოქმედო გეგმის წარდგენაა – აღნიშნა მან.