კამპანია „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ მონაწილეები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ

18.03.2014

14 მარტს პრეზიდენტის სასახლეში სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”,  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნები (ISFED), Liberal Academy Tbilisi, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – (EMC), “Article 42 of the Constitution” – “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, IDFI და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები. 

შეხვედრის მონაწილეებმა გიორგი მარგველაშვილს კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და ძირითადი მიზნები და სოციოლოგიური კვლევის შედეგები გააცნეს, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა უმეტესობა ტელეფონით საიდუმლო ან პოლიტიკურ საკითხზე საუბარს ერიდება და კვლავ აქვს შიში, რომ შესაძლოა, მის საუბარს უსმენდნენ.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ის პრობლემური საკითხები და მანკიერი მხარეები, რომლებიც ჯერ კიდევ არის როგორც კანონმდებლობაში, ისე პრაქტიკაში, აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. მისი თქმით, ადამიანის უფლებების დაცვა ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია და მის უზრუნველყოფა ყველა მხარის ვალდებულებაა.

“2012 წლის 1 ოქტომბერს სწორედ ეს ნდობა აღდგა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის, როდესაც ხელისუფლება აღარ იყო აღქმული როგორც გარკვეული ადამიანის უფლებების დამრღვევი, არამედ აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას მართლწესრიგი და ამავე დროს დაიცვას ადამიანის უფლებები”, – განაცხადა მარგველაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„ეს არის ის სახელმწიფოებრივი ბალანსი, რომელიც აუცილებლად უნდა შედგეს და რომელიც უნდა გამოიხატოს კანონში. მჯერა, რომ ყველა მონაწილე მხარე აქტიურად ჩაებმება დიალოგში და საბოლოოდ სწორედ ევროპული სტანდარტების შესაბამის კანონს მივიღებთ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს, თითქმის 2 საათს გაგრძელდა.

იხილეთ მედია:
ტელეკომპანია “მაესტრო”ახალი ამბები 15:00 საათზე
ტელეკომპანია “მაესტრო” – ახალი ამბები 18:00 საათზე
ტელეკომპანია “რუსთავი 2” – კურიერი 15:00 საათზე
ტელეკომპანია “რუსთავი 2” – კურიერი 18:00 საათზე
ტაბულა ტვ – ახალი ამბები 19:00 საათზე
ტელეკომპანია „აჭარა” – დრო 20:30 საათზე

რადიო “თავისუფლება” – „ეს შენ გეხება” პრეზიდენტ მარგველაშვილსაც ეხება

civil.ge – პრეზიდენტი მარგველაშვილი კამპანიის „ეს შენ გეხება” ინიციატორებს შეხვდა