ტრენინგები ახალგაზრდებისთვის სოციალურ მედიაში, ადვოკატირებასა და კომუნიკაციის უნარებში

27.03.2014

 

2014 წლის 21 და 24 მარტს ფონდის ტრენინგ ცენტრში 20-მდე თბილისელი ახალგაზრდისათვის ჩატარდა ტრენინგები თემებზე „სოციალური მედია”, ,,ადვოკატირების დაგეგმარება” და  „კომუნიკაცია და პრეზენტაცია”.

ტრენინგები ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ახალგაზრდები სამოქალაქო საზოგადოების სამსახურში” ფარგლებში გაიმართა.

პირველი სესია დაემთმო სოციალურ მედიას. განხილული იქნა სოციალური მედიის არხები,  განსხვავება ტრადიციულ და სოციალურ მედიას შორის, თუ როგორ ცვლის სოციალური მედია ტრადიციულ მედიას და როგორია მისი როლი ინფორმაციის გავრცელებაში.

მეორე სესიაზე, ადვოკატირების არსის განსაზღვრის შემდეგ, განხილული იქნა ადვოკატირების გეგმის ძირითადი ელემენტები: პრობლემის დადგენა, ინფორმაციის შეგროვება, კამპანიის დაგეგმვა, მესიჯის შექმნა,  წარმართვა და შეფასება.

აქცენტი გაკეთდა კომუნიკაციის და პრეზენტაციის იმ უნარ-ჩვევებზე, რომლებიც ახალგაზრდებს გამოადგებათ ადვოკატირების პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ტრენინგის მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ არავერბალური კომუნიკაციით და სხეულის ენით. 

ტრენინგი იყო ინტერაქტიური, პრაქტიკული მაგალითებითა და სავარჯიშოებით დატვირთული. ახალგაზრდებს მიეცათ ჯგუფური დავალებები, რის შემდეგაც მათ წარმოადგინეს მცირე პროექტები, რომელზეც ტრენერებისგან კომენტარები და რჩევები მიიღეს. 

ტრენინგის ძირითადი მიზანი იყო ახალგაზრდებს შეეძინათ უნარეები და გაეანალიზებინათ ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც მათ უნდა გამოიყენონ ადვოკატირების კამპანიის განხორციელებისას.

მგავსი ტრენინგები უკვე გაიმართა ზუგდიდსა და თელავში.

პროექტის დასასრულ ეტაპზე პროექტის მონაწილე ახალგაზრდები მათ მიერ შერჩეულ კონკრეტულ პრობლემაზე  ადვოკატირების კამპანიას განახორციელებენ.

პროექტი ხორციელდება  ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის”, ,,საუნჯეს” და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთის” მიერ  თბილისში, ზუგდიდსა და თელავში.