სოფლის ფოტოკლუბი- გორელოვკა

07.08.2014

 

სოფლად ფოტოკლუბების შექმნის იდეა ფოტოხელოვან ნათელა გრიგალაშვილს ეკუთვნის, რომელმაც ფონდის „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკაში დაიწყო მისი განხორციელება. სოფელი გორელოვკა, რომელიც სამცხე- ჯავახეთის რეგიონში მდებარეობს, რუსეთიდან გადმოსახლებულმა  დუხობორების რელიგიუმა დაჯგუფებამ მე-19 საუკუნის შუა წლებში დააარსა. დღეს გორელოვკაში დუხობორებთან ერთად ცხოვრობენ სომხები და აჭარიდან გადმოსახლებული ქართველები. ფოტოკლუბის ჩამოყალიბების მთავარი მიზანიც ფოტოგრაფიის ხელოვნებასთან მოსახლეობის ზიარება და ამის მეშვეობით აქ მცხოვრები სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანების ერთმანეთთან უფრო დაახლოება იყო.

საწყის ეტაპზე ფონდის „ღია საზოგადოება საქართველოს”  მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის ფოტოკლუბი – გორელოვკა”ფარგლებში შეირჩა მსურველები და ჩამოყალიბდა ფოტოკლუბი, რომელშიც გაერთიანდა 15-დან 62-წლამდე ასაკის ქართველი, რუსი და სომეხი ეროვნების 12 ფოტომოყვარული. მონაწილეებს დაურიგდათ ფოტოაპარატები; ფოტოხელოვანებმა გურამ წიბახაშვილმა, თეა სოსელიამ და ნათელა გრიგალაშვილმა ჩაუტარათ ვორკშოპები და სემინარები; მოეწყო ფოტოტურები. გადაღებების დროს პროექტის მონაწილე სოფლის მოსახლეობას უწევდა ერთად მოგზაურობა მახლობელ სოფლებში, რომლის დროსაც უკეთ გაიცნეს ერთმანეთი და დაახლოვდნენ. ფოტოკლუბის წევრების მიერ გადაღებული და შეკრებილი მასალებიდან  მომზადდა და დაიბეჭდა ფოტოალბომი და ღია ბარათები ფოტოკლუბის წევრთა საუკეთესო ნამუშევრებით.

2014 წლის 4 აგვისტოს ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკის კულტურის სახლში გაიმართა სოფლის ფოტო კლუბის წევრების ნამუშევრების გამოფენა. ფოტონამუშევრები სოფლის მცხოვრებთა პირად შთაბეჭდილებებსა და ამ სოფლის ცხოვრების ყოველდღიურობას ასახავდა, რაც საინტერესო მეგზურობას უწევდა დამთვალიერებელს მათ უჩვეულო სამყაროში. გამოფენის დროს  მოეწყო რეჟისორ ალექსანდრე ქვირიას მიერ 2008 წელს გადაღებული ფილმის „დუხობორები, თემი გაქრობის პირას” ჩვენება.  ფილმი 2011 წელს გერმანიის ქალაქ ვისბადენის ყოველწლიურ საერთაშორისო კინოფესტივალზე – „Go East” („სწორება აღმოსავლეთზე”) დაჯილდოვდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიზით.

ღონისძიებაზე სოფლის მოსახლეობამ საკუთარი სამზარეულოს პრეზენტაციაც მოეწყო, წარმოადგინა ხელნაკეთი ნივთები და ფოლკლორული შემოქმედება. ამ ღონისძიების განსაკუთრებულ  ხიბლს რუსების, სომხებისა და ქართველების განსხვავებული კულტურებისა და ტრადიციების სიმდიდრე ქმნიდა.

სექტემბერში დაგეგმილია ფოტოკლუბის წევრთა ნამუშევრების გამოფენა თბილისში, შეიქმნება ფოტოკლუბის საიტი.