ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ვულოცავთ 20 წლის იუბილეს

01.12.2014

 

ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო” ულოცავს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” 20 წლის იუბილეს.

დღეს დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაამართლა იმ მიზანმა, რომელიც 1994 წელს იქნა დასახული ახალგაზრდა იურისტების მიერ, რათა დაეარსებინათ თავისუფალი, სამართლიანი, მაღალი პროფესიული ეთიკის მქონე იურისტთა კორპუსი და ძლიერი უფლებადამცველი ორგანიზაცია.

დაარსებიდან 20 წლის მანძილზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იბრძოდა კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად და იდგა სამართლიანობის სადარაჯოზე. ფონდს არაერთი წარმატებული პროექტი განუხორციელებია საიასთან ერთად. ამ ორგანიზაციის წყალობით საქართველოში მრავალ პირს გაეწია უფასო იურიდიული დახმარება, როგორც კონსულტაციების, ისე საქართველოს საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებში ან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეთა წარმოების გზით. ამავდროულად, საია ახდენს იურიდიული განათლების მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვანია მომავალი პროფესიონალი თაობის აღზრდის პროცესში.

ვულოცავთ საიას წარმატებულ 20 წლიან საქმიანობას. ვუსურვებთ, რომ ყველა სამომავლო გამოწვევას გაუმკლავდეს წარმატებით და გააგრძელოს მნიშვნელოვანი საქმიანობა ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების სასარგებლოდ.