ტრენინგი პალიატიური მზრუნველობის ძირითად პრინციპებზე

09.03.2015

ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველო’ და მისი პარტნიორი ორგანიზაციები აგრძელებენ სამედიცინო პერსონალის გადამზადებას პალიატიური მზრუნველობის საკითხებში. მარტის დასაწყისში,’ ონკო-პრევენციის’ ცენტრის ორგანიზებულ ტრენინგზე პირველადი ჯანდაცვის 23 ექიმი პალიატიური მზრუნველობის ძირითად პრინციპებს გაეცნო.

ტრენინგის მიზანია ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება, იმისათვის, რომ მათ შეძლონ პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება  ავადმყოფობის უმძიმეს ეტაპზე, ე.წ. ტერმინალურ სტადიაზე.

დღეისათვის არსებობს მკურნალობის ხელმისაწვდომი საშუალებები ტკივილის მართვისათვის  და იმ სიმპტომებისთვის, რომლებიც ტანჯვას აყენებენ არა მხოლოდ კიბოთი დაავადებულ, არამედ ნებისმიერი უკურნებელი სენის მქონე პაციენტებს,

აღნიშნული სემინარი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამედიცინო პერსონალის ცოდნის გაღრმავებაში.

დამატებითი ინფორმაცია პალიატიური მზრუნველობის შესახებ:

პალიატიური მზრუნველობა მრავალპროფილური მზრუნველობაა, რომლის უპირველესი ამოცანაა განუკურნებელი სენით დაავადებული პირებისათვის ტკივილის მოხსნა, მათი სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება და სულიერი თანადგომის გაწევა. ჰოსპისები კი ის დაწესებულებებია, სადაც ამ ადამიანებს ცხოვრების უკანასკნელი დღეებში, როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ თანადგომას უწევენ. ასეთი დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება შიდსი,

ავთვისებიანი სიმსივნე IV სტადიაში, ალცჰეიმერის, პარკინსონის, გულ-სისხლძარღვთა და ნევროლოგიური დაავადებები… ეს ადამიანები პალიატიური პაციენტები არიან, რომელთა მიმართაც მედიცინას მხოლოდ მდგომარეობის შემსუბუქების მიზანი დარჩენია. საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ათასობით ადამიანს ესაჭიროება.

პალიატიური მზრუნველობის დანერგვას საქართველოში პირველად 1999 წელს ფონდ  “ღია საზოგადოება-საქართველოს” და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ხელშეწყობით დაიწყო. ფონდისა და პირველი ლედის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელდა პალიატიური მზრუნველობის, როგორც სისტემის საფუძვლების შექმნა და პრაქტიკულად ამოქმედდა მედიცინის ეს მიმართულება. ინტენსიური მუშაობისა და ადვოკატირების შედეგად, 2007 წელს პალიატიურ მზრუნველობას მიეცა სამართლებრივი სახე, როგორც ცალკე დარგს და ცვლილებების სახით შევიდა კანონში “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”.