მრჩევლის ინსტიტუტი საჯარო დაწესებულებებში

01.04.2015

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 

1 აპრილს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) www.idfi.ge ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა,რომელიც საჯარო დაწესებულებებში მრჩევლის ინსტიტუტს ეხება.

კვლევის ფარგლებში IDFI შეეცადა გაერკვია, თუ ვისგან იღებენ რჩევებს მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და სხვა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელები თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებისას,  როგორია მრჩევლების სამუშაო გამოცდილება, რა მოვალეობები აკისრიათ და რამდენია მათი შრომითი ანაზღაურება.

კვლევა ეყრდნობა IDFI-ის მიერ საქართველოს  95 საჯარო დაწესებულებიდან მოთხოვნილ და მიღებულ საჯარო ინფორმაციას. იგი ძირითადად მოიცავს პერიოდს 2014 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით, თუმცა რიგ შემთხვევები გამოყენებულია 2014 წლის დეკემბრისა და 2015 წლის იანვრის მონაცემებიც. ამასთან, კვლევის პროცესში გაანალიზებულ იქნა მინისტრების/მინისტრების მოადგილეების 2011-2013 წლებში მოქმედი მრჩევლების შესახებ IDFI-ისთვის მოწოდებული ინფორმაციაც.

მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ საჯარო უწყებებს მრჩევლების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების არაერთგვაროვანი პრაქტიკა აქვთ. IDFI-ის მიერ საჯარო დაწესებულებებიდან მოთხოვნილი ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში არასრულყოფილი სახით იქნა მოწოდებული.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ასევე არ არსებობს ერთიანი სტანდარტი საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ მრჩეველთა ფუნქცია-მოვალეობების განსასაზღვრად.

გამოვლინდა შემთხვევები, როცა საჯარო დაწესებულებაში საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მრჩევლის თანამდებობა დაკავებულია, თუმცა მრჩევლის სამუშაო აღწერილობა განსაზღვრული არ არის.

მინისტრის/მინისტრის მოადგილის მრჩევლის სამუშაო აღწერილობების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ რიგ სამინისტროებში მინისტრის მრჩეველს იგივე ფუნქცია აკისრია, რის შესასრულებლადაც ამავე უწყებაში ცალკე დეპარტამენტია შექმნილი. მრჩევლები ზოგიერთ სამინისტროში თანაშემწის მოვალეობას ასრულებენ ან მათი ფუნქციები გადაზრდილია ტექნიკური პერსონალის ფუნქციებში, რაც საჯარო დაწესებულების რესურსების არაეფექტურ გამოყენებაზე მიანიშნებს.

არის შემთხვევები, როდესაც საჯარო დაწესებულებაში მრჩევლების ფუნქცია-მოვალეობები საერთო ან/და ძალიან ზოგადია ყველა მრჩევლისთვის. მაგალითად:

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს 2014 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით სამი მრჩეველი ჰყავს. სამივე მათგანს კონსულტაციის გაწევასთან ერთად ევალება ისეთი ზოგადი ფუნქციების შესრულება, როგორიცაა სამინისტროს საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა, ახალი ინიციატივების წარმოჩენა, სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე დასწრება ან საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივად ზრუნვა.

ზემოთ განხილული პრობლემებისა და მაგალითების გარდა, წინამდებარე კვლევის ფარგლებში გამოვლინდა კიდევ რამდენიმე ფაქტი, რომლის ანალიზის შედეგად შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მრჩევლის პოზიციას რიგ შემთხვევებში მცირე სამუშაო გამოცდილების მქონე ან ნაკლებად კომპეტენტური პირები იკავებდნენ. რთულია იმ კრიტერიუმების განსაზღვრა, თუ რა ნიშნით შეირჩევიან ისინი მრჩევლებად, რაც ბადებს ნეპოტიზმის საფუძვლიან ეჭვს.

მაგალითად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან IDFI-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრმა, ელგუჯა ხორკიშვილმა მრჩევლებად 2014 წლის ივლისსა და სექტემბერში სამი პირი დანიშნა. სამივე მათგანი მანამდე მუშაობდა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ასევე მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე, სწორედ იმ პერიოდში, როცა აღნიშნულ უწყებას თავად ელგუჯა ხოკრიშვილი ხელმძღვანელობდა. ამასთან, აღნიშნული მრჩევლებიდან ერთ-ერთი, 2013 წელს ეკონომიკისა და ბიზნესის საბაკალავრო პროგრამის დამთავრების შემდეგ, დასაქმებული იყო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში, სადაც ელგუჯა ხოკრიშვილი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა.

მინისტრ ხორკიშვილის ერთ-ერთი ზემოაღნიშნული მრჩეველი 1990 წელსაა დაბადებული, მეორე მრჩეველი კი – 1991 წელს. შესაბამისად, მათ 24 და 23 წლის ასაკში მათ უკვე ორ უწყებაში მოასწრეს მინისტრის მრჩევლობა.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა გედევან ფოფხაძის ძმა, ისტორიკოსი ბესიკ ფოფხაძე.

შსს სასაზღვრო პოლიციიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წლის 11 დეკემბრის მდგომარეობით აღნიშნული უწყების ხელმძღვანელის, ზურაბ გამეზარდაშვილის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ებრაული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძის შვილი, დიმიტრი ჯაველიძეა (ამომრჩეველთა ერთიან სიაში ელიზბარ ჯაველიძე და დიმიტრი ჯაველიძე ერთ მისამართზე არიან რეგისტრირებულები).

დიმიტრი ჯაველიძისგან განსხვავებით, სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის მეორე მრჩეველი, გიორგი ყურაშვილი, წლების მანძილზე (1989-2004) მუშაობდა ძალოვან სტრუქტურებში, ათწლიანი უმუშევრობის შემდეგ ის ჯერ სასაზღვრო პოლიციაში სანაპირო დაცვის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად (მრჩეველი) დაინიშნა, დაახლოებით თვენახევრის შემდეგ კი ამავე უწყების ხელმძღვანელის მრჩეველი გახდა.

მრჩევლების სამუშაო გამოცდილებების შესახებ (CV) სამინისტროებიდან IDFI-ისთვის მოწოდებული ინფორმაციისა და მრჩევლის პოზიციაზე მყოფი პირების მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ რამდენიმე მრჩეველი შესაძლოა იყოს .. „ოდეერი (ОДР – офицер действующего резерва) ანუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერი უსაფრთხოების საკითხებში.

როგორც ირკვევა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მრჩეველი (2014 წლის სექტემბრის მდგომარეობით) გიორგი მეზვრიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩევლები ზურაბ გეგუჩაძე (2014 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით) და დავით ღონიაშვილი (2014 წლის აგვისტოს მდგომარეობით), ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი (2014 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით) გიორგი უკლება შინაგან საქმეთა სამინისტროში იყვნენ დასაქმებულნი. აღნიშნული დგინდება მათ მიერ ბოლო წლებში შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებიდან.

ზემოხსენებული კვლევის საფუძველზე IDFI-ის მიაჩნია, რომ აუცილებელია კონკრეტულად განისაზღვროს მრჩევლების ფუნქცია-მოვალეობები სახელმწიფო უწყებებში. მრჩევლები ექსპერტის ფუნქციას უნდა ასრულებდნენ იმ მიმართულებით, რაშიც, შესაძლოა, ამა თუ იმ უწყების ხელმძღვანელს არ ჰქონდეს სპეციფიკური ცოდნა და კვალიფიკაცია და აქედან გამომდინარე, მრჩევლების დახმარება აუცილებელი იყოს მისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის. უწყების ხელმძღვანელის თითოეული მრჩევლის ფუნქცია-მოვალეობები და სამუშაო მიმართულებები მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული ერთმანეთისგან. ამასთან, მრჩევლები თანამდებობებზე ღია და გამჭვირვალე კონკურსის წესით უნდა ინიშნებოდნენ, რათა მოხდეს ნეპოტიზმის შემთხვევების პრევენცია.

კვლევა ჩატარდა პროექტის საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა – www.opendata.ge”- ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” და ღია საზოგადოების ფონდების მხარდაჭერით.

 ნახეთ კვლევის ანგარიში სრულად…