გვინდა, გამოვეხმაუროთ გადაცემაში “კვირის 20/30″ ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოფილ და ამჟამინდელ ხელმძღვანელთა მიმართ.
ყოფილი პრემიერმინისტრი აგრძელებს განცხადებათა სერიას არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. იგი, მართალია, ეკა გიგაურსა და კახა კოჟორიძეს ადანაშაულებს ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობაში, მაგრამ განცხადების სულისკვეთება მთლიანად სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციას ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის მტკიცება დაუსაბუთებელია, მან შესაძლოა, წაახალისოს სხვა პირები, განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლები, გამოიყენონ იგივე რიტორიკა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ და, ამდენად, შეაფერხონ აქტიური სამოქალაქო ჩართულობა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პროცესებში. როგორც ეს უკვე ვნახეთ, ყოფილი პრემიერის მსგავს განცხადებებს ხშირად მოჰყვება ხოლმე დაუსაბუთებელი ბრალდებები პოლიტიკოსთა და თანამდებობის პირთა მხრიდან.
ბოლო დროს გახშირებული სიტყვიერი თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გვაფიქრებინებს, რომ ადგილი აქვს არა საქმიან კრიტიკას, რომელსაც სიამოვნებით მოვისმენდით, არამედ განსხვავებული აზრის უპატივცემულობას. ასეთი მიდგომა ადგილს არ ტოვებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი ამოცანისთვის – ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებსა და სისტემურ პრობლემებზე მივმართოთ საზოგადოების ყურადღება.
ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია, გარკვეულ მომენტებში, შესაძლოა, დაემთხვეს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მოსაზრებას, ჯერ კიდევ არ ნიშნავს მათ მიკერძოებულობას. ასე რომ იყოს, მოგვიწევდა უარი გვეთქვა იმ კამპანიებსა და ინიციატივებზე, რომლებსაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ვახორციელებდით. ასეთ ინიციტივებს შორის უნდა ვახსენოთ კამპანიის „ეს შენ გეხება” პირველი ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასა და კონკურენტუნარიანი წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას. დასანანია, რომ ამის ახსნა გვიწევს.
იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, ყოფილი პრემიერის განცხადებები არ იქნება აღქმული მითითებად და ისინი, კანონისა და დემოკრატიის მოთხოვნების შესაბამისად, იქონიებენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსტრუქციულ, შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას.
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN):