11 მაისს ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში ჩატარდა სადისკუსიო შეხვედრა პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მრგვალ მაგიდას ატარებს „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის”.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახალხო დამცველის, ფონდ „ღია საზოგადოება- საქართველოს”, გაეროს ბავშვთა ფონდის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. ასევე ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები.
დისკუსიისას აქცენტი გაკეთდა იმ ხარვეზებზე, რომელიც შეეხება ბავშის მიმართ არსებული საქმის წარმოების, მის შესახებ არსებული მონაცემების რეგისტრაციის, შენახვის, გაცვლის, გაცნობისა და განადგურების სპეციალური წესს. შეხვედრაზე იმსჯელეს პროექტის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რაც აღნიშნული ხარვეზების გამოსწორებას ითვალისწინებს.
დღესდღეობით პენიტენციურ სისტემაში ბავშვის შესახებ არსებულ მონაცემებზე ხელი მიუწვდებათ იმ პირებს და ორგანოებს, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და კომპეტენცია. ამ მონაცემების არასწორი ფორმით გამოყენებამ ან გაუმართლებელმა გასაჯაროებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის სტიგმატიზაცია, რაც პირდაპირი შემაფერხებელი ფაქტორია საზოგადოებაში ეფექტურად ინტეგრაციისათვის.
გარდა ამისა, პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს პირის მიმართ (როგორც არასრულწლოვნების პერიოდში, ასევე სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ) ზეწოლის, მუქარისა და შანტაჟის მიზნით, რაც საკმაოდ დიდი რისკის შემცველია ზოგადად სამართალდამცავ სისტემაში წლების განმავლობაში არსებული მანკიერი პრაქტიკისა და უკანონოდ მოპოვებული პირადი ინფორმაციის არაერთხელ გასაჯაროების გამო.
ნახეთ მედია ამ თემაზე:
ტელევიზია/რადიო
რუსთავი 2 – კურიერი, 18:00 11.05.15
იმედი – ქრონიკა 14:00, 11.05.15
Radiotavisupleba.ge – ტატო ქელბაქიანი სტუმრად რადიო “თავისუფლების” ეთერში, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის”. მან ილაპარაკა პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ამ პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე, 11.05.15
პრესა და ინტერნეტმედია
Netgazeti.ge – ხარვეზები პენიტენციურ სისტემაში – ვინ დაიცავს ბავშვთა პერსონალურ მონაცემებს? ავტორი:გიორგი დიასამიძე, 11.05.15