მალე საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი აშენდება

29.05.2015

2016 წლის ბოლოს  საქართველოში ბავშვთა ჰოსპისის გახსნა იგეგმება. ეს იქნება პირველი დაწესებულება/სახლი, სადაც  პალიატიურ მზრუნველობას გაუწევენ ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს.  ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის მომსახურება უფასო იქნება. ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24 საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები  და მათი მშობლები დილიდან საღამომდე დაყოვნდებიან საჭირო მომსახურების მისაღებად, შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბინაზე მოემსახურება ბავშვებს.

29 მაისს   თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს ფონდმა ‘ღია საზოგადოება-საქართველომ”, ააიპ “ბავშვთა ჰოსპისმა” და  ,,სამედიცინო კორპორაცია  ევექსმა”, რის შემდეგაც დიღომში, ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა დაიწყება.

ამ საქველმოქმედო პროექტის განხორციელებისთვის პირველი მნიშვნელოვანი შენატანი საქართველოს პრეზიდენტმა და „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა ”  განახორციელეს. მშენებლობა დაიწყება ივლისში.

ბავშვთა ჰოსპისის აშენების იდეა 2013 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ გაჩნდა, რომლის მიზანი იყო ბავშვებისთვის პალიატიური მზრუნველობის საჭიროების შესწავლა.  როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ყოველწლიურად 0-დან 18 წლამდე 839 ბავშვს ესაჭიროება.

“2013 წელს კვლევის შედეგების მიღების შემდეგ აშკარად დავინახეთ, რომ საქართველოში საკმაოდ ბევრი ბავშვი საჭიროებს პალიატიურ  მზრუნველობას.  ჩვენი დახმარებით დაფუძნდა არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული ორგანიზაცია “ბავშვთა ჰოსპისი”, გადავამზადეთ ექიმები და ექთნები უცხოეთის წამყვან ჰოსპისებში და დავიწყეთ დონორების ძიება ჰოსპისის მშენელობისათვის. გვიხარია, რომ  ამ პროექტში ჩაერთნენ “სამედიცინო კორპორაცია ევექსი”, საქართველოს პრეზიდენტი და ინდივიდუალური დონორები, რომელთა დახმარებით შესაძლებელი გახდება ჰოსპისის აშენება. ამ ეტაპზე, “ბავშვთა ჰოსპისის” გუნდი ბავშვებს მომსახურებას უწევს ბინაზე. მომსახურება უფასოა და ასე იქნება პირველ წლებში, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ერთ დღესაც სახელმწიფო  საკუთარ თავზე აიღებს ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის დაფინანსების ნაწილს მაინც. ეს ასეა ევროპის ყველა ქვეყანაში”- ამბობს ქეთი ხუციშვილი, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი.”

აპრილში, “ბავშვთა ჰოსპისის” პროექტის ჯგუფმა ჰოლანდიის საუკეთესო ბავშვთა ჰოსპისები მოინახულა. საქართველოს ჰოსპისი საერთაშორისო ჰოსპისების სტანდარტების შესაბამისი იქნება.

###

რა არის ჰოსპისი და პალიატიური მზრუნველობა

ბავშვთა პალიატიური მზრუნველობა გულისხმობს განუკურნებელი და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებზე ზრუნვას. პალიატიური მზრუნველობა მოიცავს, როგორც დაავადებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებას, ასევე ბავშვისა და ოჯახისათვის ფსიქოლოგიური და  სულიერი მხარდაჭერის გაწევას. პალიატიური მზრუნველობის საჭიროება მაშინ დგება, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ დაავადებებთან, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება. ბავშვებში, ასეთი დაავადებებია კიბოს ბოლო სტადია, დიაბეტი, სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები, ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმები და სხვა.  მოზრდილებისგან განსხვავებით, პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებს სხვა ტიპის მიდგომა სჭირდებათ.

უპირველეს ყოვლისა, ბავშვთა პალიატიური მზრუნველობა ოჯახზეა ორიენტირებული. უმჯობესია, რომ  პალიატიური მზრუნველობა რაც შეიძლება ადრეულ ასაკში დაიწყოს. ეს ეფექტურია როგორც ბავშვისთვის, ასევე ოჯახის წევრებისათვის, რადგან ამსუბუქებს ტკივილს და ემოციურ გადატვირთვას, რომლებიც ბავშვს და მის ოჯახს ერთნაირად ურთულებს მძიმე დაავადებასთან შეგუებას და ბრძოლას.

ბავშვთა ჰოსპისის  კონცეფცია გულისხმობს ბავშვისთვის მეგობრული და კომფორტული გარემოს შექმნას, სადაც მზრუნველი პერსონალის გარდა დიდი დატვირთვა აქვს გარემოს, ინტერიერს, ჰოსპისის სახელწოდებას და ყველა იმ დეტალს, რაც უზრუნველყოფს ბავშვის ჰარმონიულ შეგუებას ახალ დაწესებულებასთან. „ოცნებების სახლი”, „მსოფლიო რუკა”, „ვარსკვლავებზე ნადირობა”, „ცისარტყელის მიღმა”, „იმედის სახლი” ასეთი სახელწოდებებით არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში ბავშვთა ჰოსპისები.

ჰოსპისის უმთავრესი პირობა ოჯახური ტიპის გარემოს შექმნაა. ამიტომ, ევროპის ბევრ ქვეყანაში, ჰოსპისი მცირე ზომის,  მაქსიმუმ სამსართულიან სახლებშია განთავსებული. მსოფლიოში ბავშვთა ჰოსპისების ბევრი წარმატებული მაგალითი არსებობს. ამ მხრივ, დიდი გამოცდილების მქონე ქვეყნებია ჰოლანდია, გერმანია, ინგლისი, ამერიკა და რუმინეთი. არის ჰოსპისები, რომლებიც რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟის სახლს ან წარმოსახვით სამყაროს მოგაგონებთ.

საქართველოში პალიატიური მზრუნველობის დანერგვას და განვითარებას 1999 წლიდან ხელს უწყობს ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”. ფონდის მხარდაჭერით დღემდე თბილისში ფუნქციონირებს ორი ჰოსპისი ზრდასრული პირებისთვის- ერთი ონკოლოგიური ცენტრის ბაზაზე, მეორე კი ფერისცვალების დედათა მონასტერში.