პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე მუშაობას აგრძელებს არასამთავრობო ორგანიზაცია “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“. 29 ივლისს, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ოფისში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საჭიროებაზე და ხარვეზების აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს სახალხო დამცველის ოფისის, გაეროს ბავშვთა ფონდის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის და სხვა სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
შეხვედრის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის”, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით 6 თვის მანძილზე ახორციელებდა ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ანალიზს პენიტენციურ სისტემაში. ანალიზის შემდგომი ეტაპი კი გამოკვეთილი ხარვეზების აღმოფხვრას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხარვეზების აღმოფხვრას ადვოკატირების გზით აპირებს. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევს სახელმწიფო უწყებების მიერ ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესს პენიტენციურ სისტემაში, რათა მაქსიმალურად აღმოიფხვრას ანალიზის შედეგად გამოკვეთილი ხარვეზები.
“ჩვენ დღეს განვიხილავთ როგორც კანონქვემდებარე აქტების მიღების და მათთან დაკავშირებით ორგანიზაციასა და სამინისტროსთან თანამშრომლობის პროცესს, ასევე, არასრულწოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დებულების პროექტს, ახლადდამტკიცებული ანალიტიკური დეპარტამენტის დებულებას და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებს. ვსაუბრობთ ადვოკატირების შედეგებზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რაც დგას ნორმატიული აქტების დახვეწის თვალსაზრისით”-ამბობს ტატო ქელბაქიანი, ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
პირველი კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია თებერვალში ჩატარდა, სადაც აღწერილი იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა არასრულწლოვანთა დაწესებულებებში.