ჰეპატიტების მსოფლიო დღე დევიზით ცოტაC

29.07.2015

საქართველოში 200 000 ადამიანი C ჰეპატიტით ცხოვრობს. სახელმწიფომ ბოლო წლებში ქმედითი ნაბიჯები გადადგა მკურნალობის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად: 2014 წლის 1 მარტს დაიწყო მკურნალობის უფასო პროგრამა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; 2014 წლის 1 ივლისადან შესაძლებელი გახდა ფასდაკლებული პრეპარატების შეძენა. 2015 წლიდან ხელმისაწვდომია ახალი პრეპარატით (სოფოსბუვირით) უფასო მკურნალობა 5000 პაციენტისთვის. საქართველოს დაავადების ელიმინაცია, ანუ ქვეყნის მასშტაბით აღმოფხვრა დაისახა მიზნად.

2015 წლის 28 ივლისს საქართველოში C ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქციები მეექვსედ გაიმართა. თუ გასულ წლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითხოვდნენ, წელს კამპანიას ორი ძირითადი მიზანი ჰქონდა: კამპანიის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს მკურნალობის პროგრამის პირველი ფაზის განხორციელებას და აქცენტი გააკეთეს ელიმინაციის გრძელვადიანი პროგრამის შემუშავებაზე.

პაციენტთა და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ორგანიზაციებმა წლევანდელ კამპანიას „ცოტაC” დაარქვეს, რაც, ორგანიზატორების თქმით, ეხმიანება სახელმწიფოს მიერ გადადგმულ მრავალ ქმედით ნაბიჯს და ის ასევე გამოხატავს ელიმინაციის მიზანს.

კამპანიის ფარგლებში რიგი ღონისძიებები ჩატარდა. გაიმართა კონფერენცია და მრგვალი მაგიდა დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრმთელობის ეროვნულ ცენტრში, სადაც სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად პაციენტთა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. კამპანიის ფარგლებში მსგავსი ღონისძიებები ჩატარდა გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ფოტორეპორტაჟი და ვიდეო ზუგდიდის აქციაზე.

სტატია ქუთაისის აქციაზე.

მრგვალი მაგიდა ჰეპატიტის თემაზე აჭარაში.

თოქ შოუ ტვ ‘იმედზე’- ცხოვრება C დიაგნოზით. გადაცემაში მონაწილეობს ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ზიანის შემცირების ქსელის ფეისბუქის გვერდს.